ირანის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„დღეს საღამოს, ჩვენ მნიშვნელოვანი ისტორიული გამოცდილების მოწმენი გავხდით. ბოლო 40 წლის მანძილზე, ვიმეორებდით, რომ ირანი არის ქვეყანა, რომელიც თავისი ვალდებულებების ერთგულია, ხოლო აშშ არის სახელმწიფო, რომელიც არასოდეს ასრულებდა თავის ვალდებულებებს“, – აღნიშნა გუშინ ირანის პრეზიდენტმა.
ჰასან როუჰანის თქმით, ბირთვული შეთანხმება საერთაშორისო ხელშეკრულებაა და აშშ არ უნდა გასულიყო ამ შეთანხმებიდან. ჰასაან როუჰანის აზრით, ამ ნაბიჯით აშშ-მა ყველას აჩვენა, რომ ისინი საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს არ იცავდნენ.
ცნობისთვის გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან, აშშ-ის გასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართული მიმართვისას ისაუბრა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანს ყველაზე მაღალი დონის ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, რომელიც 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში აღარ მოქმედებდა.