ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოვიდა

დონალდ ტრამპმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებიდან, აშშ-ის გასვლის შესახებ საუბრობს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება გუშინ, ადგილობრივი დროით შუადღის 2 საათზე გაასაჯაროვა. პრეზიდენტის განცხადებით, ირანს მაღალი დონის ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, რომელიც 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში გაუქმებული იყო.
„ირანის რეჟიმი ტერორიზმის მთავარი სპონსორია, რაც სახიფათო რაკეტების ექსპორტს ახდენს და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტებს ამწვავებს. ის მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციებს. ირანის ქაოსსა და ტერორს აფინანსებს. თუმცა, ირანის რეჟიმის არც ერთი ქმედება არ ყოფილა ისე სახიფათო, როგორც მათი ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ სწრაფვაა“ – აღნიშნა მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ე.წ. ირანის შეთანხმებას უნდა დაეცვა აშშ და მისი მოკავშირეები, ირანმა კი, ამის მიუხედავად, ურანის გამდიდრება განაგრძო. „ეს იყო ცალმხრივი შეთანხმება, რომელიც არასოდეს უნდა ყოფილიყო დადებული. ამ შეთანხმებას არ მოუტანია მშვიდობა და არც მოიტანს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმება იმდენად ცუდად იყო შედგენილი, რომ ირანმა ის რომც დაიცვას, მაინც მოიპოვებს ბირთვულ იარაღს. ტრამპმა თავის ადმინისტრაციას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეუდგნენ ირანის სანქციებზე მუშაობას. როგორც ცნობილია, სანქციები ენერგეტიკისა და ფინანსურ სექტორს შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები