ნიკოლ ფაშინიანი მთავრობაში ოლიგარქების მოსვლას არ დაუშვებს
სომხური ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი პირობას დებს, რომ მისი პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, ახალი მთავრობის შემადგენლობაში ოლიგარქები არ იქნებიან.
ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, სომხურ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ფაშინიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში, ვიცე-პრემიერის თანამდებობას ხაჩატურ სუქინიანი ჩაიბარებდა, რომელიც ცნობილი ბიზნესმენია.
„შემიძლია პირობა დავდო, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობის შემადგენლობაში ოლიგარქები არ იქნებიან“-ამის შესახებ განცხადება ფაშინიანმა დღეს გააკეთა და იქვე აღნიშნა, რომ მას ოლიგარქების მთავრობაში სავარაუდო მოსვლის შესახებ, არანაირი დამაჯერებელი ინფორმაცია არ გააჩნია.
როგორც ცნობილია, 8 მაისს, სომხეთში პრემიერ-მინისტრის დამტკიცების მეორე ტური გაიმართება. ფაშინიანს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კონკურენტი არ ყავს, თუმცა მისი დანიშვნა 1-ელ მაისს, ხმების უკმარისობის გამო, მაინც ვერ მოხერხდა. იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრის დანიშვნა ვერ მოხერხდა, ქვეყნის პარლამენტი დაშლილად გამოცხადდება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.