თბილისში 2 ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს – განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილის ვერსიაც

თბილისის სხვადასხვა რაიონში ორი ახალგაზრდის ცხედარი აღმოაჩინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალგაზრდის ცხედარი მარჯანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს, ხოლო მეორის – ბახტრიონის ქუჩაზე.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს, მათ შორის, განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი. როგორც „კვირას“ სამინისტროში განუცხადეს, ორივე შემთხვევა დღეს მოხდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2018 წლის 5 მაისს, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს 1979 წელს დაბადებული ლ.კ. პოლიციამ ასევე, შეტყობინება მიიღო მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში 1980 წელს დაბადებული კ.კ.-ს. გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გამოცხადდნენ. დათვალიერების შედეგად, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტთან დაკავშირებით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის დასკვნის საფუძველზე, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი. ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით. ამასთან, გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს. მათ შორის, განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი“, – აცხადებენ სამინისტროში.

“თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, ისინი ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში შემოსულია ნაკოტიკული საშუალებები, რომლებიც განგებ არის დაბიძნურებული უცნობი ნივთიერებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები