თეა წულუკიანი: პრეზიდენტს რეგლამენტი რომ ვერ მოარგეს, გაბრაზდა და წავიდა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა კითხვებს ვერ გაუძლო, გაბრაზდა და წავიდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეგლამენტში თავიდანვე გათვალისწინებული იყო, რომ მოხსენების შემდეგ პრეზიდენტი დარჩებოდა სხდომაზე, მოისმენდა კითხვებს და შემდეგ უპასუხებდა.
„პრეზიდენტი, მთავრობა, პარლამენტი – ყველა ვიყავით შეთანხმებული, რომ მთავრობა ესწრება, დებატები გაიმართება, ეს პრეზიდენტმაც დაადასტურა.
დებატები ნიშნავდა იმას, რაც არის რეგლამენტით გათვალისწინებული, რომ ის დარჩებოდა სხდომაზე, მოისმენდა კითხვებს და უპასუხებდა. მან კითხვებს ვერ გაუძლო, მოინდომა, მასზე მოერგო რეგლამენტი მაშინვე, რეგლამენტი მას არ მოარგეს. გაბრაზდა და წავიდა. სულ ეს არის“,- განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას, მასაც მისცემოდა პასუხის გაცემის საშუალება. ირაკლი კობახიძემ კი მას განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ექნებოდა. ამის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა.
მოგვიანებით, პარლამენტში იმსჯელეს საკითხზე, შეეცვალათ თუ არა დებატების ფორმატი. საკითხს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები