შიხიაშვილი პრეზიდენტის გამოსვლაზე: არ ვიცი, სარკის წინ ჰქონდა ნავარჯიშები ის ჟესტიკულაციები, თუ რა იყო

როდესაც ამბობ, რომ რაღაც არ მოგწონს, იქვე უნდა თქვა როგორ სჯობს, მას ეს თავის გამოსვლაში არ უთქვამს – ამის შესახებ „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოს წარმომადგენლობის (GARA) დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შიხიაშვილმა პრეზიდენტს როგორც გამოსვლის მანერა, ასევე მოხსენების ტექსტიც დაუწუნა.
„გაბუტული პრეზიდენტი მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ის ხდება დასაცინი. სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. არ ვიცი, სარკის წინ ჰქონდა ნავარჯიშები ის ჟესტიკულაციები, რომლითაც ის გამოვიდა, თუ რა იყო – კანში ვერ ეტეოდა. ისეთი წარმოუდგენელი მზერით იყურებოდა და ისე იქნევდა ხელებს, რომ საკუთარ ტექსტს ვერანაირ დირიჟორობას ვერ უკეთებდა. როგორი მიმიკა და ჟესტიუკულაციაც ჰქონდა, ერთმანეთს საერთოდ არ ემთხვეოდა, რა უნდოდა, ვერ გავიგე. რაც შეეხება ტექსტს, მასში მხოლოდ და მხოლოდ წყრომა იყო, გაბუტული ბავშვივით იქცეოდა, მას არ უთქვამს კონკრეტულად, როგორ ჯობდა გაკეთებულიყო. როდესაც ამბობ, რომ რაღაც არ მოგწონს, იქვე უნდა თქვა, როგორ სჯობს , მას ეს თავის გამოსვლაში არ უთქვამს. ის ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვებს გაექცა- თუ რატომ ხდებოდა ისეთი ადამინების გამალებულად შეწყალება, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, გარკვეულ კითხვებს აჩენდნენ საზოგადოებაში, ასევე სხვა არაერთი კითხვა არსებობდა“, – განაცხადა შიხიაშვილმა.
შიხიაშვილის თქმით, მას პრეზიდენტის მიმართ მსგავსი კრიტიკული შეფასებების გაკეთება არ სიამოვნებს, თუმცა აღნიშნავს, რომ რეალური ვითარებიდან გამომდინარე, ამისი საჭიროება დგება.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე მეხუთე, ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით გუშინ გამოვიდა. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციური ფრაქციების ნაწილმა გამოთქვა საკუთარი პოზიცია პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დეპუტატებისთვის პასუხების გაცემის და დებატების შესაძლებლობა მოითხოვა. პარლამენტის თავმჯდომარის ინიცირებით გამართული კენჭისყრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, პარლამენტმა პრეზიდენტს დებატებში შესვლის საშუალება არ მიეცა, რის შემდეგაც, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები