ირაკლი შიხიაშვილი: რაც გუშინ პარლამენტში მოხდა, ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელია

პრეზიდენტი უნდა იყოს კონსტიტუციის, სტაბილურობის დაცვის გარანტი, სამწუხაროდ, გუშინ ჩვენ დავინახეთ არაადეკვატური ადამიანი – ამის შესახებ „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოს წარმომადგენლობის (GARA) დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შიხიაშვილი თვლის, რომ გიორგი მარგველაშვილს პასუხისმგებლობა, რასაც მას პრეზიდენტის სტატუსი აკისრებს, გააზრებული არ აქვს.
„პრეზიდენტი უნდა იყოს კონსტიტუციის, სტაბილურობის დაცვის გარანტი, სამწუხაროდ, გუშინ ჩვენ დავინახეთ არაადეკვატური ადამიანი, ადამიანი რომელსაც არ ჰყოფნის ნერვები, მოისმინოს კრიტიკული მოსაზრებები, ნათლად არ აქვს წარმოდგენილი თავისი პასუხისმგებლობა. რაიმე სერიოზულ კრიზისულ ვითარებაში კიდევ რომ ჩავვარდეთ, სადაც პრეზიდენტის სიმტკიცის საჭიროება დადგებოდა, ამ ადამიანს ამისთვის არანაირი რესურსი არ აღმოაჩნდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტის წევრების გარკვეულ ნაწილს, რომლებიც სხდომაზე იმყოფებოდნენ, არ ეყოთ პოლიტიკური სიმწიფე იმისათვის, რომ ასეთი სამარცხვინო პროცესები არ განვითარებულიყო“, -განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
მისი თქმით, ის რაც გუშინ პარლამენტში მოხდა, ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელია.
„გუშინ იყო დასკვნითი აკორდი, ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია და ეს კარგად უნდა გვესმოდეს, სამწუხაროდ, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს ეს კარგად არ აქვთ გასიგრძეგანებული და არც ის საფრთხე აქვთ გააზრებული, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ჩრდილოეთიდან მოემართება. იმდენად ძლიერია დღეს რუსული პროპაგანდა ქვეყანაში, რომ საზოგადოების ნაწილი გადაბირებული ჰყავს უკვე და ამ პროცესს აგრძელებს. ინსტიტუტებს შორის, ასევე უმრავლესობის შიგნით დაპირისპირება უხარიათ ჩვენი ქვეყნის მტრებს და იმედგაცრუება უჩნდებათ ჩვენს მეგობრებს“, -აღნიშნა შიხიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე მეხუთე, ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით გუშინ გამოვიდა. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციური ფრაქციების ნაწილმა გამოთქვა საკუთარი პოზიცია პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დეპუტატებისთვის პასუხების გაცემის და დებატების შესაძლებლობა მოითხოვა. პარლამენტის თავმჯდომარის ინიცირებით გამართული კენჭისყრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, პარლამენტმა პრეზიდენტს დებატებში შესვლის საშუალება არ მიეცა, რის შემდეგაც, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები