„გიორგი მარგველაშვილისგან ვერანაირი კონკრეტიკა ვერ მოვისმინეთ, მათ შორის, ვერც რეგიონალური უსაფრთხოების შესახებ“

„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელმა გამოსვლამ პარლამენტში აჩვენა, რომ გიორგი მარგველაშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რას ნიშნავს პრეზიდენტის სტატუსი და ფუნქციები.
შესაბამისი განცხადება კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და პრეზიდენტის გუშინდელ პროტესტს „უსუსური დემარში“ უწოდა.
„როგორც ჩანს, ამ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს თუ რას ნიშნავს პრეზიდენტის სტატუსი და რას ნიშნავს, იყო მთავარსარდალი. მისი გუშინდელი დემარში იყო ბრძოლის ველიდან გაქცევა, უსუსური დემარში, ჩვენ ასეთი მთავარსარდლები არ გვჭირდება, რომლებიც კითხვებსაც კი გაურბიან, რა ნიშა აიღო, ვერ გავიგეთ, იმიტომ, რომ ოპოზიციონერობის ნიშა მასზე კარგად სხვა ლიდერებს აქვთ აღებული, უსუსური შეცდომა იყო მესამე პოლუსის შექმნის მცდელობა პოზიციასა და ოპოზიციას შორის, რომელიც ჩვენი აზრით, ძალიან უშედეგოდ დამთავრდა, მეტიც, თუკი ვინმეს რაიმე იმედი ჰქონდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ის იმედებიც გაუქარწყლა მარგველაშვილმა. ვერანაირი კონკრეტიკა ვერ მოვისმინეთ, მათ შორის ვერც რეგიონალური უსაფრთხოების შესახებ. როგორც მინუმუმ, ჩვენ ველოდებოდით პრემიერ-მინისტრის მიერ გამოქვეყნებული ინიციატივის კრიტიკას, მის შევსებას ან უფრო უკეთესის წარდგენას, მაგრამ ვერაფერი მოვისმინეთ“, -განაცხადა კასრელიშვილმა.
კასრელიშვილის აზრით, პრეზიდენტი მხოლოდ კრიტიკულ შეფასებებს აკეთებს, თუმცა არ წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, ალტერნატიულ ხედვას. თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას ან გამოსწორდეს ესა თუ ის პრობლემა.
„პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ კრიტიკაში არაფერი სიახლე არ იყო. რაც პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, ამის შესახებ საუბრობს ყველა, ვისაც არ ეზარება – პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები, უბრალო მოქალაქეები თუ სხვა. პოლიტიკური ბრძოლის ველი იყო გუშინ, მინისტრები იქ იყვნენ, თუ პრეტენზიები გაქვს დარგის ხელმძღვანელებთან, შედი დებატებში და დაამარცხე, დავინახოთ, რომ შენ სიღრმისეული ცოდნა გაქვს. მეტსაც გეტყვით, თუ მზად იყო, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესებისთვის ახალი მიმართულება მიეცა, სულაც ნუ მივიდოდა პარლამენტში, მოეწყო პრესკონფერენცია და ნახევარ საათში თავისუფლად ჩაეტეოდა. მაგრამ პარლამენტში მივიდა, არადამაჯერებელი ხმით და ტონით და რაღაც მესიჯები გააჟღერა“, – განაცხადა კასრელიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე მეხუთე, ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით გუშინ გამოვიდა. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციური ფრაქციების ნაწილმა გამოთქვა საკუთარი პოზიცია პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დეპუტატებისთვის პასუხების გაცემის და დებატების შესაძლებლობა მოითხოვა. პარლამენტის თავმჯდომარის ინიცირებით გამართული კენჭისყრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, პარლამენტმა პრეზიდენტს დებატებში შესვლის საშუალება არ მიეცა, რის შემდეგაც, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები