მარიამ ჯაში: ვერ დავეთანხმები პრეზიდენტს, რომ განათლების სისტემაში მისი მინისტრობის შემდეგ არაფერი გაკეთებულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა შეაფასა.
მარიამ ჯაშმა პრეზიდენტის ანგარიშიდან რამდენიმე მიმართულება გამოყო, რომელსაც იზიარებს, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ არ ეთანხმება პრეზიდენტის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, განათლების სისტემაში მისი მინისტრობის შემდეგ არაფერი გაკეთებულა:
„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი აღარ ესწრება ჩვენს სხდომას, რადგან მინდოდა გამოხმაურება მის განცხადებასთან დაკავშირებით განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე.
პრეზიდენტის გამოსვლაში, მინდა, არაერთი მიმართულება აღვნიშნო, რომელსაც აბსოლუტურად ვიზიარებ და პოზიტიურად მინდა შევაფასო ის დინამიკა და ცვლილებები, რომელიც მან საგარეო კურსის, თავისუფალი ვაჭრობის, მედიაპლურალიზმის და ბიზნესის თავისუფლების მიმართულებით გააჟღერა.
ასევე, ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ოკუპაცია არის ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უმთავრესი გამოწვევა, რომლის გარშემოც გვჭირდება კონსოლიდირებული ძალისხმევა. თუმცა ვერ დავეთანხმები მის მოსაზრებას, რომ განათლების სისტემაში მისი მინისტრობის შემდგომ არაფერი გაკეთებულა. დღეს საზოგადოებას მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება გავუჟღერო, რადგან აღნიშნულ განცხადებას უპასუხოდ ვერ დავტოვებდი.
2012 წლიდან 2016 წლამდე, 626 მილიონი ლარიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სექტორალური დაფინანსება პრაქტიკულად გაორმაგდა და 2018 წელს ჩვენ 1 186 000 ლარის რესურსი დავამტკიცეთ, ამ უმთავრესი, პრიორიტეტული მიმართულების მხარდასაჭერად.
1 100-ზე მეტ სკოლაში 5000-ზე მეტი მოსწავლე ყოველდღიურად სარგებლობს სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი ტრანსპორტის მომსახურებით. ინფრასტრუქტურის მიმართულებით ისტორიული ნაბიჯები გადაიდგა, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 20 ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით 94 სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა მიმდინარეობს, რომელიც საერთო ჯამში 40 000 მოსწავლისთვის ფუნდამენტურად შეცვლის სასწავლო გარემოს.
სექტემბრიდან სრულად განახლდება სახელმძღვანელოები პირველი-მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის, ჩვენ საუბარი გვაქვს შინაარსობრივ განახლებაზე, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია და პრაქტიკულად გარანტიაა ჩვენი მომავალი თაობის წარმატებისთვის.
ინკლუზიურ განათლებაში 7 000-მდე მოსწავლეა ჩართული, ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მშობლებთან და პედაგოგებთან ურთიერთობა და უკვე რეალური ნაბიჯები იდგმება სპეც. პედაგოგების პროფესიული განვითარების კუთხით.
ეტაპობრივად იზრდება პედაგოგთა ანაზღაურებაც, განსაკუთრებით მთის კანონის ფარგლებში მნიშვნელოვანი ცვლილება გატარდა. ჩვენი მიზანია, პედაგოგების დაფასება, არა დამსჯელობით სისტემა, არამედ პროფესიულ განვითარებაზე აქცენტი.
პროფესიული განათლება რეალურად გახდა პრიორიტეტი, 23 სახელმწიფო კოლეჯი სრულად განახლებულია, 11 000 სტუდენტი ჩართულია პროფესიული განათლების პროგრამებში, ასევე არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი პროგრამებია გათვალისწინებული, 1 000-მდე მსჯავრდებული გადის პროფესიულ სწავლებას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია.
ენის დეპარტამენტის ამოქმედება, უნივერსიტეტების ავტორიზაციის ევროპული მოდელის დანერგვა, ასევე სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების სრული რეაბილიტაცია ნამდვილად ის უპრეცედენტო შემთხვევებია, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით.
მეცნიერების მიმართულებით „ჰორიზონ 2020“-ისა და „ერაზმუსის“ პროგრამების გაფართოება არის ის შესაძლებლობები, რომლებიც ათასობით სტუდენტსა და ახალგაზრდა მეცნიერს აძლევს საშუალებას, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით მოხდეს მათი კვალიფიკაციის გაზრდა.
რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული ჩამონათვალი“,-აღნიშნა მარიამ ჯაშმა და აქვე დასძინა, რომ ამ მიმართულებით ძალისხმევა არასაკმარისია:
„მიუხედავად წარმატებებისა, მთავარი კითხვა ისმის არის თუ არა საკმარისი ეს ძალისხმევა?! არასაკმარისია ნამდვილად, რადგან ჩვენ ამ შედეგების გაუმჯობესებაზე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ მინისტრთან, სამინისტროს მთელ გუნდთან, პედაგოგიურ კორპუსთან და ახალგაზრდებთან ერთად, თუმცა არაფერსა და არასაკმარისს შორის არის ძალიან დიდი განსხვავება.
ბატონმა რომან გოცირიძემ აღნიშნა რომ ის ელოდებოდა კრიტიკას პრეზიდენტის მიმართ, შეწყალებასთან დაკავშირებით. კრიტიკის ნაცვლად, მზად ვარ, ჯანდაცვისა და პენიტენციური სისტემის ერთობლივი კომისიის გამოცდილება გავუზიარო, რომელსაც ვხელმძღვანელობდი ბატონ არჩილ თალაკვაძესთან ერთად, ეს არის ძალიან კომპლექსური პროცესი და აღნიშნული სისტემის დახვეწაში მზად ვართ გვერდში დავუდგეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.
გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის წინაშე გუში მეხუთე, საანგარიშო, შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა.
2018 წლის ოქტომბერში საზოგადოება ქვეყნის ახალ მეთაურს აირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები