ირაკლი კობახიძე: რაც პრეზიდენტმა გააკეთა, ესაა კანონმდებლობის და პარლამენტის უპატივცემულობა

„ეს არის კანონის და ინსტიტუტის უპატივცემულობა”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას დებატების წესის შესახებ. ირაკლი კობახიძის თქმით, დებატების წესი კანონის ძალის მქონე აქტით –  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით არის დადგენილი და  1995 წლიდან უცვლელად მოქმედებს.

„დებატების წესი დადგენილია საქართველოს პარლამენტში 1995 წლიდან, როცა თქვენი მეგობარი ბატონი ზურაბ ჟვანია იყო პარლამენტის თავმჯდომარე. იმის შემდეგ ეს წესი არის უცვლელი. არასწორია რასაც აკეთებთ, რადგან თქვენ კანონს ეწინააღმდეგებით. ეს არის კანონის და ინსტიტუტის უპატივცემულობა გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. მე განვმარტავ და მერე ვთხოვ ჩემს კოლეგებს, დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგებიც იმავეს იტყვიან. მოქმედებს საქართველოში კანონმდებლობა, ერთ-ერთი საკანონმდებლო აქტი არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. ამ დოკუმენტით არის დადგენილი იმპერატიულად დებატების გამართვის პროცედურა. რეგლამენტის თანახმად ჯერ გამოდიან ფრაქციები, შემდეგ სხვა სუბიექტები, მათ შორის, უმრავლესობა, უმცირესობა, ვიცე-სპიკერები და ამის შემდეგ აქვს მომხსენებელს, ბატონ პრეზიდენტს საკუთარი დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება. შესაბამისად, მას შეუძლია, რეგლამენტის თანახმად და რეგლამენტში სწორად არის რეალურად, აგებული დებატების პროცედურა – პრეზიდენტს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი. ამისთვის არის დადგენილი შესაბამისი პროცედურა და ზუსტად ამის გამო გამოდის მომხსენებელი ბატონი გიორგი მარგველაშვილი, პრეზიდენტი ბოლოს. ეს არის დადგენილი პროცედურა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რეგლამენტი და კონკრეტულად, აღნიშნული პროცედურა 90-იანი წლებიდან მოქმედებს და ეხება სხვა ტიპის დისკუსიებსაც. ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტის განცხადება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს პარლამენტის უპატივცემულობაა.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 90-იანი წლებიდან მოქმედებს საქართველოში რეგლამენტი და კონკრეტულად ეს პროცედურა და გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის რაციონალური პროცედურა, ეს პროცედურა ეხება ასევე, სხვა ტიპის დებატებს სხვა ტიპის დისკუსიებს პარლამენტში. ეს არის რაციონალური პროცედურა და პირველად დადგა ეს დებატები კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს პარლამენტში ბატონ გიორგის და ქალბატონ ადას არ მოსწონთ ჩვენი რეგლამენტი, არ ვიცი, შეგვიძლია, ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გადაიხედოს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, თუმცა, ის, რაც გააკეთა ბატონმა გიორგიმ, სამწუხაროდ, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის, რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე აქტი, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის, კანონის და ინსტიტუტის-საქართველოს პარლამენტის უპატივცემულობა, რაც არის ძალიან სამწუხარო და მე ისეთი ეჭვი მიჩნდება, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და განზრახული ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები