მდინარაძე მარგველაშვილს: თქვენ შეიწყალეთ ოჯახის წევრი, რომელსაც 17-დან მხოლოდ სამი წელი მოახდევინეთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალება კონვეირული სისტემით ხდება.

„თქვენ გქონდათ საათი და მეტი დრო, რომ თქვენი ანგარიში ამ რანგში მოღვაწეობის ბოლო წელს, ბოლო გამოსვლის პირობებში, ჩაგებარებინათ საზოგადოებისათვის, თუმცა ეს შანსი არ გამოიყენეთ, ისევე როგორც სხვა შანსები, რაზეც შემდეგ მოგახსენებთ. ნამდვილად ვერ გავიგე მთავარი აქცენტები და ამის შესახებ უფრო ნათელი გახდა მაგალითად, აბაშიშვილის სატელევიზიო ინტერვიუდან, საიდანაც ვიგებთ, რომ აქცენტი გაგიკეთებიათ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე. თქვენს გამოსვლაში მაინცდამაინც ეს პათოსი არ ჩანდა“, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი, მაგალითად პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით.

„რატომ ხდება, რომ კონვეირული სისტემით, ყოველგვარი რეალური ანალიზის გარეშე ხდება პირთა შეწყალებები, რომელთაგანაც დაახლოებით 70-80%-ზე მეტი მსჯავრდებული იყო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში და 9-10 ათასი პატიმრიდან, 3 600-ზე მეტი შეიწყალეთ თქვენი საპრეზიდენტო ვადის პირობებში“, – მიმართა მდინარაძემ პრეზიდენტს.

მდინარაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა ადამიანი, რომლის საქმის განხილვა სამივე ინსტანციის სასამართლოში დასრულებული არ იყო, ასევე შეიწყალა ოჯახის წევრი.

„თქვენ შეიწყალეთ ოჯახის წევრი, რომელსაც 17 წლიდან მოახდევინეთ მხოლოდ სამი წელი და ეს მოხდა შესაბამისი კომისიის გვერდის ავლით. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც, მაგალითად, დამოუკიდებელი ესტონეთის ყველა პრეზიდენტმა ერთად აღებული, ათჯერ ნაკლები მსჯავრდებული შეიწყალა, ვიდრე მხოლოდ 2017 წელს თქვენ ეს გააკეთეთ, ამ წელს 831 მსჯავრდებულზეა საუბარი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით,  უკანასკნელ წლებში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ  შეწყალებულია  55 მსხვილი ნარკორეალიზატორი, შეწყალებული მსჯავრდებულებიდან 575-მა ხელმეორედ ჩაიდინა 672 სხვადასხვა სახის დანაშაული, რომელთაგან 189 მძიმე და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა იყო, აქედან 40 – ძალადობის და ოჯახური ძალადობის შემთხვევა.

„ამ ფონზე კიდევ უფრო დასანანია თქვენი თავის მართლება, პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა და არგუმენტი, თითქოს, სასტიკი მკვლელების შეწყალების მიზეზი მისი დადებითი დახასიათება იყო. აღარაფერს ვამბობ თქვენს მცდელობაზე, საზარელ დანაშაულთან დაკავშირებით მსხვერპლისთვის გადაგებრალებინათ, გარკვეული პასუხისმგებლობა იქით აგეკიდებინათ. რეალურად ფაქტები მეტყველებენ საპირისპიროს და ამ ყველაფერს აწერდით გარკვეულ დახასიათებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატის თქმით,  რეალურად, ბოლო წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა 21 ისეთი დამნაშავე შეიწყალა, რომელთაგან ყველა მათგანს ცალსახად უარყოფითი დახასიათება ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები