სოზარ სუბარი: გიორგი მარგველაშვილს გზა ხსნილი აქვს, თუ საპრეზიდენტო კანდიდატობას გადაწყვეტს

„გიორგი მარგველაშვილს გზა ხსნილი აქვს, თუ საპრეზიდენტო კანდიდატობას გადაწყვეტს, – კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, არჩევნები ამ ეტაპზე პირდაპირი წესით ჩატარდება და საპრეზიდენტო ვადა ექვსწლიანი იქნება“, – ასე შეაფასა ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, იგი ელოდა, რომ მარგველაშვილი პრეზიდენტობის ხუთ წელს შეაფასებდა, ასევე 2012 წლიდან დღემდე მთლიან პროცესს, რაც საზოგადოებამ ვერ მოისმინა.
„კარგია, აღიარა, რომ 2012 წელი და მისი შემდგომი პერიოდი ადამიანის უფლებების თვალსაზრისით გარღვევა იყო. თუმცა, მის შეხედულებას ვერანაირად ვერ გავიზიარებ, რომ თითქოს, ახალმა კონსტიტუციამ გარკვეული მიმართულებით დემოკრატია უკან დასწია. პირიქით, კონსტიტუცია გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში დემოკრატია გაძლიერდა. დემოკრატიის ხარისხს პრეზიდენტის არჩევითობა არანაირად არ ეხება. ამ კუთხით თუ მივუდგებით, მაშინ მონარქიებში – დიდ ბრიტანეთში პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ არ არის. იქ მონარქიაა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზეა, მაგრამ ბრიტანეთი დემოკრატიის წარმომშობია და დემოკრატიის ყველაზე ტრადიციული ქვეყანაა”, – ამბობს სუბარი.
მისივე განმარტებით, არასწორია, როცა გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტებაზე საუბრობს და ამას უშიშროების საბჭოს გაუქმებას უკავშირებს.
„უშიშროების საბჭო არავის გაუუქმებია. საბჭო იქნება იქ, სადაც მისი ადეკვატური ადგილია, როგორც ეს ისრაელშია, სადაც მსგავსი ინსტიტუტი პრემიერთან მოქმედებს და არა – პრეზიდენტთან. არავის ეპარება ეჭვი, რომ უსაფრთხოების კუთხით ისრაელი ის ქვეყანაა, რომლის მაგალითიც უნდა ავიღოთ. გარდა ამისა, იმისთვის, რომ სპეკულაციები არ ყოფილიყო, თითქოს, გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელი ეშლება, კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, ამ ეტაპზე, პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება და საპრეზიდენტო ვადა ექვსწლიანი იქნება. გიორგი მარგველაშვილს გზა ხსნილი აქვს, თუ საპრეზიდენტო კანდიდატობას გადაწყვეტს“, – აღნიშნა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები