მთავარი პროკურორის მოადგილე პროექტის, “პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით”, გახსნით ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები პროექტის – “პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით” (PrIME), გახსნით ღონისძიებას დაესწრნენ.
პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალი ორწლიანი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებას, პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდას და სახელმწიფოს, სამოქალაქო სექტორს, მედიასა და საზოგადოებას შორის სისტემაში მიმდინარე ძირითად რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლის პრაქტიკის გაუმჯობესებას.
პროექტი ხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით.
პროექტის გახსნით ღონისძიებაზე მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში არსებულ სიახლეებსა და PrIME პროექტის მიზნებს.
საქართველოს პროკურატურას ევროკავშირთან პარტნიორობის მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს. დღეის მდგომარეობით პროკურატურის რეფორმა არაერთი პრიორიტეტული მიმართულებით ხორციელდება.
„საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა პროკურატურის ყველა სექტორში რეფორმების შედეგების გაუმჯობესების კუთხით. მომავალ წლებში რეფორმების პაკეტი უფრო მეტ ქმედებებს მოითხოვს, რომ გაუმჯობესდეს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის ხარისხი, გაძლიერდნენ არამენეჯერულ პოზიციებზე მყოფი პროკურორები და უფრო მეტად ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამასთანავე, უნდა ამაღლდეს ნდობა და საზოგადოების ცნობიერება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემასთან მიმართებაში“, – განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები