გამოფენა „კოლონიალურიდან ეროვნულ მუზეუმამდე: 2013-2018“ – ეძღვნება ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების 105 წლისთავს
5 მაისს, 17:00 საათზე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება ვებგვერდისა და წიგნის პრეზენტაცია, ხოლო 18:00 საათზე გამოფენა – „კოლონიალურიდან ეროვნულ მუზეუმამდე: 1913-2018“.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, გამოფენა ეძღვნება ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის 105 წლისთავს.
გამოფენა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სამწლიანი კვლევით პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია და ითვალისწინებს მუზეუმის საგამოფენო სივრცეების გადააზრებას მისი განვითარების ყველა ეტაპისა და მხატვრული ტენდენციების საექსპოზიციო სივრცეებში ასახვით.
სხვადასხვა სივრცეში წარმოდგენილი იქნება ექსპონატები და საარქივო მასალები, რომლებიც მუზეუმის რთულსა და საინტერესო ისტორიას გვიამბობს რუსეთის იმპერიის ეპოქიდან დაწყებული, ახალი დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდით დამთავრებული.
გამოფენა გამდიდრებულია ახალი ექსპონატებით და თემატურად აერთიანებს არა მხოლოდ დროებით, არამედ მუზეუმის მუდმივ საგამოფენო სივრცეებსაც, ასევე ბიბლიოთეკასა და საგანმანათლებლო სივრცეებს, ეზოს, სადაც ექსპონატები წარმოდგენილია ქრონოლოგიური და თემატური თანამიმდევრობით, რომელიც აერთიანებს რუსეთის იმპერიის დროს დაარსებული კავკასიის შინამრეწეველობის კომიტეტისა და მუზეუმის (1899-1917), დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921), საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა (1921-1991) და დამოუკიდებელი საქართველოს (1991-დღემდე) დროის მონაკვეთებს. ეს ის ისტორიული პერიოდებია, რომელშიც მუზეუმს მოუხდა არსებობა და სადაც პოლიტიკური და იდეოლოგიური ცვლილებების, სირთულეების მიუხედავად, მან შეინარჩუნა თვითმყოფადობა, კოლექციები და რუსეთის იმპერიის მუზეუმიდან ქართულ ეროვნულ მუზეუმად გარდაიქმნა.
გამოფენის კურატორია: ირინე კოშორიძე, საექსპოზიციო დიზაინი – ნინო ყიფშიძე.