კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ალბომის – „საჩუქარი საქართველოდან” – წარდგენა გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ალბომის – „საჩუქარი საქართველოდან” – წარდგენა გაიმართა.

კულტურის სამინისტროს ცნობით, ქართველი მხატვრებისა და მათი ნამუშევრების შესახებ ალბომი ავტორებმა – ირინე საგანელიძემ და გიორგი კალანდიამ წარადგინეს.

“გამოცემაში წარმოდგენილია ტრადიციული რეწვის დარგები: მეთუნეობა, ქსოვილის წარმოება, ოქრომჭედლობა, ხეზე კვეთა და სხვა.

ხელოვნების სასახლეში გამართულ ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო. მინისტრმა მადლობა გადაუხადა წიგნის ავტორებს და აღნიშნა, რომ „საჩუქარი საქართველოდან” შექმნის მიზანი ტრადიციული გამოყენებითი ხელოვნების, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროს დაცვა, შენარჩუნება, პოპულარიზაცია და განვითარებაა.

ალბომში წარმოდგენილია ინფორმაცია 80-ზე მეტი ქართველი ხელოვანისა და 15 სახელოსნოს მიერ სხვადასხვა ტექნიკით დამზადებული ნამუშევრების, ასევე, რეგიონული სახელოსნოების, შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური ხელოვანების ნიმუშების და მათი დამზადების პროცესის შესახებ.

გამოცემაში ასევე თავმოყრილია ცნობები საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ყველა იმ ინსტიტუციის შესახებ, რომელთა პროფესიული საქმიანობაც გამოყენებითი ხელოვნების სფეროს უკავშირდება. ესენია: საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები