ფაჯრის საერთაშორისო კინოფესტივალზე 6 ქართული ფილმი აჩვენეს
19-27 აპრილს, თეირანი ტრადიციულად მასპინძლობდა ფაჯრის საერთაშორისო კინოფესტივალს, სადაც ქართულ კინოს სპეციალური რეტროსპექტივა მიეძღვნა.
ფესტივალზე აჩვენეს შემდეგი ქართული ფილმები: გიორგი ოვაშვილის “ხიბულა”, გიორგი ბარაბაძის “ლუკა”, რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი”, ანა ურუშაძის “საშიში დედა”, მარიამ ხაჭვანის “დედე”.
ამას გარდა, გიორგი ოვაშვილის “ხიბულა” და ნათია ნიკოლაშვილის ანიმაციური ფილმი “ლილე” კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში Eastern Vista იყო წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ფაჯრის კინოფესტივალის ერთ-ერთი სექციის ჟიურის წევრი იყო ქართველი მსახიობი სალომე დემურია. მან და რეჟისორმა ირაკლი ბაღათურიამ პანელ-დისკუსიაშიც მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ქართული კინოს ბოლოდროინდელ წარმატებებს ეძღვნებოდა.