რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი – რისთვის ემზადება „ქართული ოცნება“

ვისთვის სკანდალურ და ვისთვის საინტერესო პოლიტიკურ მოვლენამდე, – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას ვგულისხმობ, – დაახლოებით ორი კვირით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ გორის პარტიულ კონფერენციაზე „ქართული ოცნების“ რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ მაშინ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის გამარჯვების მიზეზებიც დაასახელა. მან თქვა, რომ პარტიამ მაშინ შეძლო განახლება და გაძლიერება:

„ჩვენ განვაახლეთ პარტიის პოლიტიკური გუნდი. კონფერენციის შემდეგ არჩეულ იქნა პარტიის ახალი თავმჯდომარე და „ქართული ოცნება“ წარდგა განახლებული გუნდით საპარლამენტო არჩევნებზე, რაც იყო ჩვენი წარმატების ერთ-ერთი  მთავარი წინაპირობა…“

შემდეგ კი კობახიძემ თქვა ის, რის გამოც მმართველ ძალაში დიდი ხმაური ატყდა. პარლამენტის თავმჯდომარის მთავარი ფრაზა ასე ჟღერდა: 2019 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უნდა „დავიწყოთ და განვახორციელოთ პარტიული რეფორმის მეორე ტალღა, რომლის საფუძველზეც „ქართული ოცნება“ უკვე საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არა მხოლოდ არჩევნების დროს აქტიურდება, არამედ არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკური პროცესების დაგეგმვასა და ამ პროცესების მართვაში“.

პროცესები, რომელიც სიტყვა რეფორმას მოჰყვა, როგორც ჩანს, ბევრისთვის სახიფათო იყო. რეფორმა მაინც საკადრო ცვლილებებს, გადაადგილებებს უკავშირდება, რაც არაერთისთვის მტკივნეული პროცესია. და ისე ჩანდა, თითქოს რეფორმატორების გუნდი გარკვეულმა დაინტერესებულმა პირებმა დააშანტაჟეს უმრავლესობის დაშლითა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებითაც კი.

ასეთივე სახიფათო პროცესის პირას იდგა უმრავლესობა კონსტიტუციაზე მუშაობის დროს. მაშინ წყალს საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტი მარგველაშვილიც ამღვრევდა, რომელიც, ოპოზიციასთან ერთად, სხვების მიმხრობასაც ცდილობდა. ამ ისტორიას ამჯერად აღარ შევყვებით.

თემას რომ მივუბრუნდეთ, „ქართულ ოცნებაში“ თითქოს ორი ჯგუფი გაჩნდა: რეფორმატორების – და აქ არა მხოლოდ ახალგაზრდები შედიოდნენ, მათ მხარს, მაგალითად, გია ვოლსკიც უჭერდა – და იმათი, ვინც გრძნობდა, რომ ისინი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ჩამოაშორეს. ამიტომაც, პირველ რიგში, ისინი სწორედ ამ პირობას აყენებდნენ – ჩაგვრთეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

შემთხვევითი არ იყო, რომ ხმაური სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ატყდა – ყველას ესმოდა, რომ არჩევნების წინ თითოეული ხმა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პარტიის, მით უფრო მმართველი პარტიის, იმიჯი.

სწორედ ამ ფონზე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, გამოჩნდა ჯერ პარტიაში და არა პოლიტიკაში. პარტიული თათბირის შემდეგ პირველი განცხადება, რომელიც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა, ისევ რეფორმას უკავშირდებოდა:

„პარტიაში ცვლილებებისა და რეფორმების ახალი ტალღაა საჭირო, რათა ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პარტია“.

კობახიძემ, ფაქტობრივად, პირდაპირ თქვა, რომ რეფორმა გაგრძელდება და რომ ბიძინა ივანიშვილის ჩართვას პარტიულ ცხოვრებაში სწორედ ეს დატვირთვა აქვს:

„პარტიის გაძლიერებას, მათ შორის, შესაბამისი დრო სჭირდება და ამისთვის საჭირო დრო, ბუნებრივია, სამწუხაროდ, ნაკლებად აქვთ პრემიერ-მინისტრსა და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებებს კონკრეტული მიზეზები ჰქონდა. თუმცა ყველაფერს პოზიტიურად უნდა შევხედოთ. თქვენს მოსაზრებებს ნუ მისცემთ ნეგატიურ მიმართულებას. არის პოზიტიური პროცესები, რომელიც ჩვენს პარტიაში წარიმართება. ჩვენი ამოცანა პარტიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაა. „ქართული ოცნების“ გაძლიერება ზოგადად, პარტიული სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. პროცესებს სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

კონკრეტულად რას გულისხმობს რეფორმის მეორე ტალღა, ამაზე მმართველ გუნდში ჯერ არ საუბრობენ.

ექსპერტი ლევან ალაფიშვილი არ გამორიცხავს, რომ საუბარი იქნება პარტიის სტრუქტურულ ცვლილებებზე.

მთავარი რეფორმაა და როგორც ჩანს, ეს შეეხება თავად პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობასაც. სახელდებიან კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც რიგ შემთხვევაში შეუთავსებლობა აქვთ პარტიულ საქმიანობასთან, რიგ შემთხვევაში კი ისინი უკვე დიდი ხანია პასიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევიან. ასე რომ, მას ერთმნიშვნელოვნად სჭირდება განახლება.

პარტიის ყრილობაზე საბოლოო გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. პარტიაში ამჯერად მხოლოდ კახი კალაძის ძლიერი პოლიტიკური გუნდი რჩება და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მთავარი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრია. საპრეზიდენტო არჩევნების წინ  ასპარეზზე გამოსვლით ის მაქსიმალურ მობილიზებას გაუკეთებს მმართველი პოლიტიკური ძალის ხმებს.

როგორც ჩანს, 2018 წელს ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ამოცანა პარტიის კანდიდატურის პრეზიდენტად არჩევა იქნება, 2019 წელს კი პარტიაში სერიოზული რეფორმები დაიწყება.

ამ რეფორმებზე მართალია, ზოგადად, მაგრამ მაინც საინტერესოდ ისაუბრა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გია ვოლსკიმ. კვირის ინტერვიუში ის დაეთანხმა წამყვანს ირაკლი აბსანძეს და უთხრა, რომ სამომავლოდ ნამდვილად უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყანაში 2 ან სამი ძირითადი პოლიტიკური მოთამაშე, რომელიც შეძლებს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას.

საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ უკვე აღარ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა და გამოდის, რომ ის მზად არის, ძალაუფლება სხვა პარტიებსაც გაუყოს. მაგრამ ვინ იქნება ეს სხვა?

იქნებიან ესენი „ევროპული საქართველო“ და პატრიოტები? თუ თავად „ქართულ ოცნებაში“ გაჩნდება მთავარი ოპოზიციური ძალა? ექსპერტებს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. რაც მთავარია, ქართული პოლიტიკა ჯერ მაინც შეიცავს გარკვეული არასტაბილურობის ელემენტებს. რა მოხდება ერთი წლის შემდეგ? – ექსპერტებს ამაზე მსჯელობა უჭირთ.

ახალი წითელი ხაზი ოპოზიციაში

ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა ნამდვილი თავსატეხი გახდა ოპოზიციისთვის. თითქმის ყველა დაიბნა. კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებში კი ისეთი განცდა გაჩნდა, თითქოს პოლიტიკურ კალენდარზე 2011 წელი იდგეს. ზოგიერთები მოელიან, რომ ივანიშვილი მათ ისევ დაუძახებს და „ქართული ოცნება“ ისევ დიდ კოალიციად გადაიქცევა.

ნაციონალების რეაქცია ტრადიციულად ღიმილისმომღვრელი იყო – მათ ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ორ ვიდეომიმართვას დაუკავშირეს, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნდება. თუმცა, უკვე 2013 წლიდან იმუქრება სააკაშვილი, დავბრუნდები და ხელისუფლებაში მოვალო. მისი პარტია კი წლიდან წლამდე პოზიციებსაც კარგავს და გავლენებსაც.

სანამ სააკაშვილი ჰოლანდიაში ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა, საქართველოში მისმა პარტიამ მთავარი ოპოზიციონერის ტიტულიც კი დაკარგა. გიგი უგულავა, რომელიც ვანსა და ხონში „ევროპული საქართველოდან“ იყრიდა კენჭს, მეორე ადგილზე გავიდა. ახლა „ევროპული საქართველო“ პირველი ოპოზიციური პარტია და მთავარი პოლიტიკური მოთამაშე ხდება.

შემთხვევითი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი რევოლუციისთვის ემზადება. ამ შუალედურმა არჩევნებმა ვანსა და ხონშიც კარგად აჩვენა, რომ მის პარტიას გამარჯვების შანსები აღარ აქვს. ამიტომაც ის რევოლუციისთვის ემზადება.

თუმცა, ახლა ის ერთკაციანი პოლიტიკური პარტიების გარემოცვაშია. მათგან ზოგიერთი საეჭვო რეპუტაციის ფიგურაა, მაგალითად, ბაჩუკი ქარდავა, რომელიც ხან პრორუსულ ფლანგზე ვაჭრობს და ხან პროდასავლურზე.

ასე რომ, სააკაშვილს პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრის შექმნა უკვე აღარ გამოუვა. მით უფრო, რომ მის შეთავაზებაზე ძალიან ბევრმა პარტიამ უარი თქვა. იმდენად, რომ ჰოლანდიაში დაგეგმილი შეხვედრა ერთხელ უკვე ჩავარდა და ვერ შედგა.

ნაციონალების გარდა, კიდევ არიან პარტიები, ვისაც არჩევნების არასოდეს სწამდა, რა თქმა უნდა, საკუთარი დაბალი რეიტინგის გამო, თუმცა, ღიად ამბობენ, რომ არჩევნები ყალბდება. მათ მოსაზრებებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები მართალია, არ იზიარებენ, მაგრამ დიდად ესეც არ აინტერესებთ.

ამდენად, წითელი ხაზი ბუნებრივად გაივლება – ვინ ევროპისკენ, ანუ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლისკენ მიდის და ვინ რევოლუციისკენ.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები