პატარძეულის გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს,   კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი სახლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 17 აპრილის ბრძანებით მიიღო.
სახლი აშენებულია გიორგი ლეონიძის მამის – ნიკოლოზის მიერ, რომელიც პატარძეულში წმ. შიოს ტაძარში საწირველად XIX ს. 60-იან წლებში გადმოიყვანეს. სახლმა სრულად შეინარჩუნა ნიკოლოზისეული სახლის სახე. 1968 წლიდან გამოცხადდა გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმად.
სახლი ორსართულიანია, ნაგებია რიყის ქვითა და აგურით დუღაბზე. ორივე სართულზე ორ-ორი ერთმანეთის გვერდით განლაგებული ოთახია, რომლებიც ერთმანეთს შიდა კარით უკავშირდება. სახლის ზურგის კედელი ყრუა. ეზოს მხრიდან ორივე სართული ოთხ-ოთხი სარკმლითა და ორ-ორი კარითაა გახსნილი. პირველი სართულის გვერდითა კედლები ყრუა, მეორე სართულზე კი სარკმლებია გაჭრილი. მეორე სართულს წინ მთელს სიგრძეზე ხის აივანი გასდევს, რომელზე ასასვლელიც გვერდით მიდგმული ორნაწილიანი კიბითაა. აივანი ხის სვეტებზეა დაყრდნობილი. პირველ სართულს აგურის ფილაქანი აქვს აივნად. დასავლეთის მხარეს, აივნის ქვეშ ღია ბუხარია გაკეთებული. პირველი სართულის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეზე კონტრფორსია მიდგმული.
პირველ სართულზე მდებარე ოთახები სამზარეულო და სარძევე იყო (ამჟამად სარძევე ოთახში მუზეუმის ადმინისტრაციული ოთახია განთავსებული), მეორე სართულზე საცხოვრებელი ოთახებია. პირველი და მეორე სართულის თითო ოთახში თაღოვანი ბუხრებია.
სახლს აღმოსავლეთიდან მიდგმული აქვს მარანი. მარნის ზურგის კედელზე თაღჩებია გაკეთებული, ხოლო სახლის კედელზე ხის დიდი საწნახელია მიდგმული. მიწატკეპნილ იატაკში ქვევრებია ჩაყრილი.
სახლს აქვს თავისი საგვარეულო ეზო, რომელიც ხის ღობითაა შემოღობილი.
სახლში დაცულია: გოგლას საწოლი ტახტი, დიდი საოჯახო ტახტი, რომელზეც დაიბადა გოგლა, პოეტის საგვარეულო ავეჯი, მისი კოსტუმი, პირადი ნივთები და ასევე ლადო გუდიაშვილის ორი ნახატი – გოგლას ორი პორტრეტი.
სახლი წარმოადგენს XIX ს. მეორე ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს სოფლისთვის დამახასიათებელი სახლის ტიპის მშვენიერ ნიმუშს, რომელმაც თითქმის სრულად შემოინახა თავდაპირველი სახე და ეთნოგრაფიული ძეგლის ნიშნის მატარებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები