მურთაზ ზოდელავა: არანაირი შემხებლობა „ტელეიმედის“ საქმეზე არ მქონია

ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ მას „ტელეიმედის“ საქმესთან არანაირი კავშირი აქვს.

როგორც ზოდელავამ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „იმედის“ დარბევის საქმეზე ბრალდებული პირების მიმართაც “საქმე შეკერილია” და ხელისუფლება მასაც მიმართავს, რომ ამ ბრალდებულთა რიგებში თვითონაც ჩადგება.

ამასთან, ზოდელავამ ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტა რა კიხვები ჰქონდა პროკურატურას მასთან.
მისი თქმით, პროკურატურაში არანაირი მტკიცებულება „ტელეიმედის“ დარბევის საქმესთან დაკავშირებით მისთვის არ წარუდგენიათ და მხოლოდ მოწმის სახით დაიკითხა.

“ამ საქმეზე ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი. საქმე არის აბსოლუტურად შეკერილი. არანაირი დანაშაული არც ერთ ამ ადამიანს, რა თქმა უნდა, არ ჩაუდენია. უბრალოდ, ხელისუფლება მე მეუბნება, რომ შენც ჩადგები მათ რიგში, შენ ხარ პირველი კატეგორიის მტერი და შენ დაგსჯით. ეს არის კონკრეტული მესიჯი, რომელიც მე მივიღე დღეს ხელისუფლებიდან. ეს არ არის მხოლოდ პროკურატურა, ვიცით, რომ პროკურატურა იგივე ხელისუფლებას უდრის.

არანაირი შემხებლობა ამ საქმეზე არ მქონია და ასეთი პირდაპირი, უტიფარი მესიჯები ჩემთვის წარმოუდგენელია. ჩემი მოლოდინი ბოლომდე დადასტურდა. ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანაში შექმნას დუმილის რეჟიმი. მე არ ვაპირებ დადუმებას, მე მაქვს პასუხისმგებლობა სამეგრელოს რეგიონზე, გვყავს ბევრი ამომრჩეველი სამეგრელოს რეგიონში, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ხელისუფლებას არ უნდა რომ ვილაპარაკოთ, მაგრამ ჩვენ ვილაპარაკებთ”, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები