„სიკეთე გადამდებია“ – ზესტაფონში „ჯორჯიან მანგანეზისადმი“ მიძღვნილი სამადლობელი ღონისძიება გაიმართა
ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ღონისძიებას – „სიკეთე გადამდებია“ უმაპინძლა. ეს იყო „ჯორჯიან მანგანეზისადმი“ მიძღვნილი სამადლობელი ღონისძიება.
საღამოს დევიზად ილია მეორის სიტყვები ჰქონდა წამძღვარებული: „თუ ადამიანი სიკეთეს სთესავს, ეხმარება გაჭირვებულს, მას უფალი ნაკლებად უმზადებს განსაცდელს“.
მეუფე კალისტრატეს სახელით ღონისძიება დალოცა მამა სერაპიონმა. საღამოს უძღვებოდნენ: ნანა ფერაძე და გუგა კვირიკაშვილი.
საღამო მიეძღვნა ქველმოქმედებას, რომელსაც გასცემს „ჯორჯიან მანგანეზი“ არა მარტო ზესტაფონის რაიონისთვის, არამედ ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის. კომპანია წლების მანძილზე აფინანსებს სხვადასხვა სახის პროექტს სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
წამყვანმა ნანა ფერაძემ მეგობრების სახელით მადლობა გადაუხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს, ბატონ ნიკა ჩიქოვანს, ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორს, ბატონ ვასილ გველესიანს, დირექტორის მოადგილეს ადამიანური რესურსებისა და სოციალურ საკითხებში ქალბატონ თამარ ჭიპაშვილს, იმ სიკეთისა და გულისხმიერებისათვის, რომელიც მათ გამოიჩინეს იმ მოსწავლე-ახალგაზრდების მიმართ, ვისთვისაც მათი თანადგომის გარეშე ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მომზადება შეუძლებელი გახდებოდა.
ქეთევან ქათამაძე, „ელიტარული სკოლის მოსამზადებელი ცენტრის“ ხელმძღვანელი, საღამოს ორგანიზატორი:
„ქველმოქმედება უანგარო დახმარებას გულისხმობს, საბოლოოდ, ეს ყველაფერი კონკრეტული ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება. ,,სიკეთე გადამდებია“ – ჩვენი ღონისძიება ყველა იმ ადამიანის მიერ მადლიერების გამოხატულება იყო, ვისთვისაც სხვადასხვა დროს ,,ჯორჯიან მანგანეზს“ გაუწევია დახმარება. ეს ჩამონათვალი დიდია.
მათი თანადგომა მოსამზადებელი ცენტრის მოსწავლეებსაც შეეხო.
„ჯორჯიან მანგანეზი“ ჩვენი ცენტრის 33 აბიტურიენტს აფინანსებს. ჩვენც, ჩვენი მხრივ, სამადლობელი საღამო დავგეგმეთ, ეს იყო „ჯორჯიან მანგანეზის“ მთელი ისტორია დაარსებიდან დღემდე, სლაიდებით გადმოცემული, სადაც თვალსაჩინო ადგილი ეკავა „ჯორჯიან მანგანეზის“ გაკეთებულ საქმეებს, სკოლების, გაჭირვებულების, მუნიციპალიტეტისადმი გაწეულ ქველმოქმედებას“…
კონცერტში მონაწილეობდნენ: ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,შევარდენი” (ხელმძღვანელი ნანა ღიბრაძე), კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული ვაჟთა გუნდი ,,ჯავარდენი” (ხელმძღვანელი ეკა ბარბაქაძე); რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სტუდია (კონცერტმეისტერი ნატალია რობაქიძე), მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სტუდია ,,მელოდია”, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ძმები” (ხელმძღვანელი ზაზა შალამბერიძე).
საღამო დასრულდა ვაჟთა გუნდის მიერ შესრულებული სიმღერით: ,,ახალგაზრდული”.
სიმღერის მსვლელობისას სცენაზე აინთო ფეიერვერკები.
ვასილ გველესიანი, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის დირექტორი:
„ეს საღამო პედაგოგ ქეთევან ქათამაძის ინიციატივაა და დიდი მადლობა მას. ძალიან სასიხარულოა, რომ ადამიანებს, ჩვეულებრივ მოკვდავთ ჯერ კიდევ შერჩათ მადლიერების გრძნობა და არიან ისეთი ადამიანები, ვისთვისაც სულ ერთი არ არის, გაუწვდი გვერდით მდგომს დახმარების ხელს თუ არა. მივესალმები იმ ფაქტს, რომ მათ გაუჩნდათ ასეთი საღამოს ჩატარების სურვილი, რათა სამადლობელი სიტყვები ეთქვათ „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ იმ ქველმოქმედებისთვის, რომელსაც ის სადღეისოდ ეწევა როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით…
საღამოზე სწორედ ჩვენ მიერ პრაქტიკულად განხორციელებული მრავალი საქმე გაშუქდა. რეგიონში ნიჭიერი ახალგაზრდები იბადებიან ღვთის მადლით და არიან ისეთი ორგანიზაციებიც, ასევე ღვთის მადლით, როგორიც „ჯორჯიან მანგანეზია“. ამ მიმართულებით ჩვენთან გარკვეული ჯგუფი მუშაობს, რომელიც ღებულობს მომართვებს იმის მიხედვით, ვის რა უჭირს და კომისია იღებს გადაწყვეტილებას. უამრავ ადამიანსა და ორგანიზაციას უამრავი პროეტი დავუფინანსეთ. მათ შორისაა სწორედ აბიტურიენტების პროექტი. დღეს ისინი უკვე დამამთავრებელი გამოცდებისთვის ემზადებიან და ეროვნულ გამოცდებში მიიღებენ მონაწილეობას. ასე რომ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო ეს საღამო, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. ქველმოქმედებისთვის გვაქვს მზაობა. მივესალმები, რომ მომავალშიც ამ პროექტების დაფინანსება და ხელშეწყობა გაგრძელდეს“.