„საქართველოს სინფონიეტა“ ერთ კონცერტს თბილისშიც გამართავს
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში აგრძელებს საკონცერტო ტურნეს საქართველოს რეგიონებში.
პროექტი 16 აპრილს მცხეთაში დაიწყო, 23 აპრილიდან კი სტეფანწმინდაში განახლდა, 24 აპრილს დუშეთში, 25 აპრილს ზუგდიდში და 26 აპრილს ქუთაისის ოპერის თეატრში გაიმართა კონცერტები.
„აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო ორკესტრთან ერთად კონცერტებში საქართველოს რეგიონების სამუსიკო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები მონაწილეობენ, რაც მეტად მნიშვნელოვანია მათი პროფესიული განვითარებისთვის. „საქართველოს სინფონიეტა“ და პატარა მუსიკოსები დღეს, 27 აპრილს კახეთს ეწვევიან და 15:00 საათზე, თელავის სამუსიკო სკოლაში გამართავენ კონცერტს.
მათთვის, ვინც რეგიონებში ვერ დაესწრო ჩვენ კონცერტებს, სპეციალურად ჩვენი ერთგული თბილისელი მსმენელებისთვის ერთი კონცერტი დავამატეთ და ყველას გეპატიჟებით 28 აპრილს, 19:00 საათზე Sinfonietta Stage-ზე (სანაპიროს ქ. #4, შენობა 2, სართული 8).
კონცერტებზე შესრულდება მოცარტის, ვივალდისა და ტელემანის ნაწარმოებები, დასწრება თავისუფალია და გელით მუსიკის ყველა მოყვარულს“, – განუცხადა „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა მუქერიამ.