კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ინიციატივას საქართველო ოფიციალურად უერთდება
ევროკომისიის ინიციატივითა და ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2018 წელი კულტურული მემკვიდრეობის წლად გამოცხადდა. აღნიშნულ ინიციატივას საქართველოც უერთდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და წარმოჩენის მიზნით, მთელი წლის მანძილზე არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში – კრისტიან ურსე და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ვიზუალური კომუნიკაციისა და მედიახელოვნების ინსტიტუტის დირექტორი ნანა იაშვილი უძღვებოდნენ.
2018 წლის ღონისძიებათა კალენდარი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სხვადასხვა ინსტიტუციასთან თანამშრომლობით მომზადდა. მათი ძირითადი გზავნილები კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის შესატყვისია – დაცვა, ჩართულობა, მდგრადობა და ინოვაცია.
დაგეგმილი კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი, კონცეპტუალურად გამართული ვიზუალური პროდუქტის შექმნაა. ამ მიზნითა და კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის 4 ძირითადი გზავნილის გათვალისწინებით, სამინისტროს ინსტიტუციებთან აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე, სხვადასხვა საინტერესო თემა შეირჩა – კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ვიზუალური კომუნიკაციისა და მედიახელოვნების ინსტიტუტის მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა, აღნიშნული თემების გარშემო ვიზუალური პროდუქტის შექმნაზე მუშაობა უკვე დაიწყეს – გრაფიკული ბანერები, ინფოგრაფიკები, ვიდეო არტები, ვიდეო დიზაინი, გვერდი სოციალურ ქსელში – ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, საზოგადოებას სხვადასხვა სახის საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის და ამ გზით უზრუნველყოფს მისი ცნობიერების ამაღლებას.
მთელი წლის მანძილზე, სულ, 12 ვიდეო რგოლი, 11 ანიმაცია და 40 ინფოგრაფიკა შეიქმნება.
კულტურულ მემკვიდრეობას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება ევროპული იდენტობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკონომიკასა და პოლიტიკაში. სწორედ, ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო გამოცხადდა ევროკომისიის ინიციატივითა და ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2018 წელი კულტურული მემკვიდრეობის წლად. აღნიშნულ ინიციატივას სხვა ინსტიტუციებიც შეუერთდნენ – ევროკავშირის საბჭო, რეგიონების საბჭო და ევროპის რეგიონებისა და სოციალური კომიტეტი.
ინიციატივასთან მიერთების სურვილი გამოთქვა და 2018 წელი კულტურული მემკვიდრეობის წლად გამოაცხადა, ამ დროისათვის, სულ 34-მა ქვეყანამ, მათ შორის ორმა ევროკავშირის არაწევრმა – საქართველომ და უკრაინამ.
ინიციატივის მთავარი მიზანი, კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მნიშვნელობისა და როლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებააა.
დაცვა, ჩართულობა, მდგრადობა და ინოვაცია კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის 4 ძირითადი გზავნილია, რაც თავის მხრივ, 10 ინიციატივაშია ჩაშლილი:
დაცვა
მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა, რისკის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობა;
ჩართულობა
საერთო მემკვიდრეობა, მემკვიდრეობა სკოლებში, ახალგაზრდობა მემკვიდრეობისათვის;
მდგრადობა
გარდამავალი მემკვიდრეობა, ტურიზმი და მემკვიდრეობა;
ინოვაცია
უნარ-ჩვევების განვითარება, მეცნიერება მემკვიდრეობისათვის, ყველა მემკვიდრეობისათვის.