ლევან დავითაშვილმა ჯოს დოუმასთან შეხვედრაზე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულების პროექტები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯოს დოუმას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა გაერთიანებული სამინისტროს ფარგლებში დაგეგმილი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, კონსოლიდირებული სამინისტროს ფარგლებში აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულების პროექტებზე. მინისტრმა ერთიანი მენეჯმენტის ქვეშ პროექტების სწრაფი და ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ლევან დავითაშვილმა ელჩს მსხვილი სასათბურე კლასტერის პროექტი გააცნო, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში აგროზონის შექმნას ითვალისწინებს. მინისტრმა ასევე ნიდერლანდების სამეფოში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის  ზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში კენკროვანი კულტურების განვითარების პროექტსაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები