შსს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს ამზადებს, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა ადამიანებმა ჩვენება აღარ შეცვალონ

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელსაც შს სამინისტრო ამზადებს, იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ ადამიანებმა ჩვენება აღარ შეცვალონ, ასეთ საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენები დადგეს და მოძალადეები ციხიდან გარეთ არ გამოვიდნენ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შსს ოჯახში ძალადობის მიმართულებით მკაცრ პოლიტიკას უჭერს მხარს და ძირითადად იყენებს იძულების უკიდურეს ღონისძიებებს – დაკავებას. „საკმაოდ მკაცრია პროკურატურის მიდგომაც. ისინი ძირითადად აღკვეთის ღონისძიების სახით ითხოვენ პატიმრობას. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კანონმდებლობის გამკაცრებაზე, აქ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, ამ საკითხს საკმაოდ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან ეს არ არის ჩვეულებრივი დანაშაული. ოჯახში ძალადობა გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. ეს ჯერ კიდევ არის ისეთი კატეგორიის დანაშაულები, სადაც მსხვერპლები თავს იკავებენ პოლიციაში მოსვლისგან, დაზარალებულები, მსხვერპლები საკმაოდ ხშირად ცვლიან ჩვენებებს. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ეს უნდა გავაკეთოთ გააზრებულად და არა ისე, რომ მოდით დღეს რაღაც პრობლემა გვაქვს, შემთხვევა მოხდა და ხვალ შევიტანოთ ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ა.შ. ჩვენ ამას მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და შინაარსობრივ მხარეს ვსწავლობთ“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი განმარტებით, პრაქტიკაში პრობლემაა ჩვენებების შეცვლა, რადგან კანონის მიხედვით, მსხვერპლებს უფლება აქვთ ჩვენება არ მისცენ ოჯახის წევრების წინააღმდეგ და ისინი ამ უფლებას საკმაოდ აქტიურად იყენებენ. „ზოგჯერ ისინი ბრალდებულის ოჯახის წევრების ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან და, სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში ადვოკატების მხრიდანაც. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ ჩვენების არმიცემის გამო ასეთ საქმეებზე დგება გამამართლებელი განაჩენი და მოძალადე გარეთ აღმოჩნდება-ხოლმე. ეს პრობლემა შესწავლილი გვაქვს. ჩვენ, უკვე მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელსაც ამ მიმართულებით უახლოეს დღებში წარვუდგენთ საქართველოს მთავრობას და შემდეგ დაიწყება უკვე საპარლამენტო განხილვები. ეს იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისა, რომ ადამიანებმა ჩვენება აღარ შეცვალონ და ასეთ საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენები დადგეს, რათა მოძალადეები ციხიდან გარეთ არ გამოვიდნენ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები