„გუდვილს” თანამშრომლის უსაფუძვლოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებენ – როგორ პასუხობენ ბრალდებას კომპანიაში

ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილს” თანამშრომლის უსაფუძვლოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებენ.

„კვირასთან“ საუბარში სოფია ჩხიკვაძე ამბობს, რომ „გუდვილის“ დიღმის ფილიალში გარკვეული პროდუქციის შესაძენად შევიდა, რად დროსაც იქ მომუშავე მეგობარს გამოელაპარაკა, რომელიც ჰიპერმარკეტში არასამუშაო საათებში იმყოფებოდა და პროდუქციას ამოწმებდა.

სოფია ჩხიკვაძე აცხადებს, რომ საუბარი იმ სექციაში შედგა, სადაც მას პროდუქცია უნდა შეეძინა და მისი მეგობარიც სწორედ იმ სექციაში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ „გუდვილის“ დაცვის წევრი მიუახლოვდათ და ჩხიკვაძეს ტერიტორიის დატოვება უბრძანა.

მეორე დღეს კი, თავად მისი მეგობარიც გაათავისუფლეს სამსახურიდან.

სოფია ჩხიკვაძე ამბობს, რომ „გუდვილმა“ მისი მეგობრის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება სრულიად უსაფუძვლოდ მიიღო და მომხდარის შესახებ „კვირასთან“ დეტალურად საუბრობს.

„ჩემი მეგობარი რამდენიმე თვეა „გუდვილის“ დიღმის ფილიალში მუშაობს. მეც აქვე ვცხოვრობ და „გუდვილის“ მომხმარებელი ვარ. საკმაოდ ხშირად დავდიოდი და ჩემ მეგობარსაც ვნახულობდი. რამდენიმე დღის წინ შევედი „გუდვილში“ გარკვეული პროდუქციის შესაძენად, ჩემი მეგობარიც ვნახე, რომელიც ერთი საათით ადრე მივიდა სამსახურში, ანუ არასამუშაო დროს მუშაობდა (თანამშრომელმა სთხოვა) და პროდუქციას ამოწმებდა. უეცრად მოვიდა დაცვის თანამშრომელი და მომხმარებლების წინაშე მომიწოდა, რომ დარბაზი დამეტოვებინა, დავინტერესდი თუ რატომ უნდა დამეტოვებინა ტერიტორია, დაცვამ მიპასუხა, რომ ჩემ მეგობარს ხელს ვუშლიდი. მე და ჩემი მეგობარი ამაოდ ვცდილობდით აგვეხსნა, რომ ამ კონკრეტულ ვითარებაში, პირველ რიგში, მე ვიყავი მომხმარებელი და მსურდა პროდუქციის შეძენა. ველოდებოდი ფასდაკლებას, რომ მოეცათ პროდუქტი და შემეძინა. სწორედ იმ სექციაში ასრულებდა ჩემი მეგობარიც სამსახურეობრივ მოვალეობას, სადაც მე ვიდექი. ჩემი მცდელობის მიუხედვად, ამეხსნა რომ მე ვიყავი მომხმარებელი, ერთ-ერთმა “ვაიზერმა” და დაცვის თანამშრომელმა მომთხოვეს, დამეტოვებინა „გუდვილის“ ტერიტორია. მომცეს მხოლოდ ერთი პროდუქტის შეძენის უფლება. არ მომცეს საშუალება, გადავსულიყავი სხვა სექციაში. სალაროსთან გადავიხადე თანხა და შეიძლება ითქვას, იძულების წესით დამატოვებინეს ტერიტორია. ამ ფაქტის შემდეგ, ჩემი მეგობარი ესაუბრა მენეჯერს. მენეჯერმა მას მომხდართან დაკავშირებით ახსნა-განმარტების დაწერა მოსთხოვა. ასევე, ესაუბრა დაცვის უფროსს, რომელმაც განუმარტა, რომ დაცვის თანამშრომელს არ ჰქონდა უფლება, დარბაზიდან გავეძევებინე. მეორე დღეს ჩემი მეგობარი მივიდა სამსახურში და აცნობეს, რომ ის იქ აღარ მუშაობდა. გათავისუფლების მიზეზი იყო მომხდარი ფაქტი. დაზუსტებით ის, რომ დაცვას უწევდა წინააღმდეგობას, არ გაეგდო თავისი მეგობარი, ანუ მე, დარბაზიდან, რადგან იმ დროს მე ვიყავი რიგითი მომხმარებელი. ორი დღის შემდეგ მივედი გუდვილში. მსურდა გამეგო, ჰქონდა თუ არა დაცვის თანამშრომელს ჩემი გაგდების უფლება. შევხვდი დაცვის უფროსს, რომელსაც ვთხოვე ეჩვენებინა შიდაგანაწესი, რომლის საფუძველზეც შეეძლო დაცვას ჩემი გაგდება სავაჭრო ობიექტიდან.

დაცვის უფროსმა ყვირილით მომიშორა თავიდან. ,,გუდვილი’’, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა სავაჭრო ბაზარზე და მინდა საზოგადოებმაც გაიგოს, რომ ასე „უფრთხილდება“ საკუთარ თანამშრომლებს და მომხმარებლებს“, -აცხადებს სოფია ჩხიკვაძე.

„კვირა“ „გუდვილსაც“ დაუკავშირდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პიროვნება, რომელზეც სოფია ჩხიკვაძე მიუთითებს, პოზიციიდან დროის არამიზნობრივად გამოყენების გამო გათავისუფლდა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს, მისი მხრიდან, დროის არამიზნობრივად გამოყენების პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

„გუდვილში“ აცხადებენ, რომ გოგონა ამის გამო არაერთხელ იქნა გაფრთხილებული უშუალო ხელმძღვანელის მიერ, თუმცა გაფრთხილება არ იქნა გათვალისწინებული, რამაც გამოიწვია მისი თანამდებობიდან გათავისუფლება.

„პიროვნება, რომელზეც მისი მეგობარი საუბრობს, იმყოფებოდა სს „გუდვილის” კონსულტანტის პოზიციის საგამოცდო ვადაზე. იგი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული პოზიციიდან, თანამდებობრივი დროის არამიზნობრივად გამოყენების გამო. მას გარკვეული დღეების განმავლობაში თან ახლდა პიროვნება სამუშაოს შესრულების დროს. ამის გამო არაერთხელ იქნა გაფრთხილებული უშუალო ხელმძღვანელის მიერ. სამწუხაროდ, გაფრთხილება არ იქნა გათვალისწინებული, რამაც გამოიწვია მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. საგამოცდო ვადის შეწყვეტა შესრულდა კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაში“, – განუცხადეს „კვირას“ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები