ირაკლი კოვზანაძე: ევროპული გამოცდილება პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობების შესახებ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე, გენერალური აუდიტორი, ირაკლი მექვაბიშვილი, პარლამენტის კომიტეტის წევრები და სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლები  ნიდერლანდებსა და ბელგიაში გაემგზავრნენ.

ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია აღნიშნული ქვეყნების აუდიტის სამსახურსა და საკანონმდებლო ორგანოს ესტუმრება და მათ საქმიანობას გაეცნობა.

ქართული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ნიდერლანდების აუდიტის სამსახურის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტთან, ბელგიის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელებთან.

„სპეციალურად ჩვენთვის გამართულ შეხვედრებზე გავეცნობით ჰოლანდიისა და ბელგიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურების მუშაობის პრაქტიკას, საგადასახადო შემოსავლების აუდიტისა და ხარისხის კონტროლის განხორციელების პროცესს, ყოველწლიური აუდიტის გეგმის მომზადებასა და იმპლემენტაციას, ასევე ევროპულ გამოცდილებას პარლამენტისა და უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ურთიერთობების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების ეფექტურად და სწორად მართვაში“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

ქართულ დელეგაციაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად შედიან კომიტეტის წევრები – პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ბერაია, რომან გოცირიძე, გია ბენაშვილი და ლელა ქებურია, ასევე გენერალური აუდიტორის მოადგილე, ნოდარ ჯავახიშვილი და უწყების დეპარტამენტების ხელმძღვანელები. ვიზიტი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის – „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“-  ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები