ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ კარგი მასპინძლები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოში განათლებას იღებენ

​„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ კარგი მასპინძლები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოში განათლებას იღებენ. მე თვითონ, სამი წელი ვსწავლობდი გერმანიაში და ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც შენ კარგად გიღებს ის ხალხი, სადაც ცხოვრობ და განათლებას იღებ. აქედან გამომდინარე, ჩვენც ასეთივე გულთბილი მასპინძლობა უნდა დავახვედროთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც საქართველოში განათლებას იღებენ”, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ გამართული საფეხბურთო ამხანაგური მატჩის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქალაქ თბილისის მერის, კახი კალაძის ინიციატივით მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა თავიდანვე მხარდაჭერა გამოუცხადა.
ამხანაგურ საფეხბურტო მატჩში მონაწილეობა მიიღეს: პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ქალაქ თბილისის მერმა კახი კალაძემ, პარლამენტის და თბილისის საკრებულოს წევრებმა, დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა.
საფეხბურთო მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით „თამაში ყველასთვის – Equal Game” კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები