კახა კალაძე: მიხარია, რომ  ფეხბურთი აერთიანებს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხო ამხანაგური მატჩის დაწყებამდე განაცხადა, რომ სპორტი, ფეხბურთი აერთიანებს. მისივე თქმით, ეს არის სამოქალაქო ინიციატივა, რომელსაც ვერაფერი და ვერანაირი წინაღობა ვერ დახვდება.
„ძალიან მიხარია, რომ ჩემს ინიციატივას გამოეხმაურა ფეხბურთის ფედერაცია, ლევან კობიაშვილი, ადგილობრივი მოსახლეობა და ასევე, ახალგაზრდა ბიჭები, ვისთანაც მოხდა დაპირისპირება და გაურკვევლობა. რაც მოხდა, ძალიან ცუდია. დღეს ჩვენ ვატარებთ ამხანაგურ შეხვედრას. მიხარია, რომ სპორტი, ფეხბურთი აერთიანებს. სასიხარულოა, რომ ამ ამხანაგურ თამაშში ყველა იღებს მონაწილეობას. ეს არის სამოქალაქო ინიციატივა, რომელსაც ვერაფერი და ვერანაირი წინაღობა ვერ დახვდება წინ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ გუნდში ითამაშებს.
“მაისურებზე გვაწერია ყველას თანასწორობა. ჩვენი მიზანია, რომ ყველა, იმ ინციდენტის შემდეგ, დავდგეთ ერთად. რაც მოხდა, სასიამოვნო ნამდვილად არავისთვის ყოფილა და სასიამოვნოა ის, რომ დღეს ყველა ერთად შევიკრიბეთ და სიმბოლურად ვითამაშებთ”, – განაცხადა კობიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე საქართველოს მოქალაქეებსა და თბილისში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობს, რომელიც 8 აპრილს ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები