„ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია „Microsoft”-ს შორის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი „ახალი აბრეშუმის გზის” საკითხებში საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა და კომპანია „Microsoft საქართველოს” დირექტორმა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ მოაწერეს.
სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ზოგადად, ციფრული ეკონომიკა იცით, რომ მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე უფრო სწრაფად განვითარებადი სექტორია და უფრო მეტიც, მე ვიტყოდი, რომ სწორედ ციფრული კომპანიები განსაზღვრავენ მსოფლიო ეკონომიკის ხვალინდელ დღეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი პატივია, რომ მსოფლიოს ლიდერმა კომპანიამ „Microsoft-მა მიიღო გადაწყვეტილება, გახდეს აღნიშნული კონსორციუმის წევრი და ერთობლივი ძალით დავიწყოთ საქართველოში ციფრული ეკონომიკის მშენებლობა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავად ის ფაქტი, რომ ასეთი კალიბრის კომპანიები საქართველოში ბიზნესის კეთებას საინტერესოდ თვლიან, საუკეთესო დასტურია იმისა, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანას, ძალიან კარგი შანსი გვაქვს, გავხდეთ რეგიონალური ჰაბი ციფრული ეკონომიკის თვალსაზრისით. ეს უპირატესობა და წინაპირობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.