კალაურში მოკლული მამაკაცის დედა: „ჩემი შვილი ნაჭრის ქვეშ ეგდო, მკვდარი“

გურჯაანში, სოფელ კალაურში მომხდარ მკვლელობას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა.
მომხდარი ინციდენტის შედეგად, 52 წლის ლადო ქევხიშვილი მოხუცმა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ცხედარს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა.
გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ წუხელ გვიან ღამით, მათ სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა. ერთ-ერთი მათგანი მოხუც ქალბატონს აიძულებდა, ოთახიდან არ გამოსულიყო.
მისი თქმით, თავდამსხმელებიდან, ორი მის შვილს ეჩხუბებოდა.
„სახლში ვიწექით. ორნი შემოვარდნენ და პირდაპირ იმ ოთახში შევიდნენ, სადაც ჩემს შვილს ეძინა. კიდევ ერთი იყო. ის მე დამადგა თავზე, ჯოხს მირტყამდა და თან სახეზე ხელს მაფარებდა. შავგვრემანი იყო და წვრილი თვალები ჰქონდა.
მერე რომ წავიდნენ, ბიჭები შევიდნენ და ნაჭრის ქვეშ იყო ჩემი შვილი, მკვდარი“ – ამბობს გარდაცვლილის დედა.
მეზობლების ინფორმაციით, გვიან ღამით სოფლის ორღობეში სამი მამაკაცი შენიშნეს, რომლებიც ქევხიშვილების საცხოვრებელი სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით მიდიოდნენ, მომხდარის შესახებ კი დილით გაიგეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები