ვინ შეადარა დავით ჭიჭინაძემ გუგულს, რომელიც კვერცხებს სხვის ბუდეში დებს
“ამ ახალგაზრდა ყმაწვილებს საკუთარი აზრი ჩამოუყალიბდათ. ეს ხალხი ძალიან გავს გუგულს, რომელიც სხვის ბუდეში დებს კვერცხებს. ახლა ჯობს თავი შევიკავოთ კონფრონტაციის გაღრმავებისგან”, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის პრემიერ–მინისტრის საპირისპიროდ გაკეთებული განცხადებები. მისივე თქმით, მათ პარტიული დისციპლინა დაარღვიეს.
ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ გამოსავალი უმრავლესობის შეკრებაშია და ისინი ერთობისთვის მოწადინებულები არიან.
„ეს არ იყო პრემიერ–მინისტრის საწინააღმდეგო მათი პირველი განცხადება. შეგიძლიათ ყველაფერს გადახედოთ. ამ ახალგაზრდა ყმაწვილებს საკუთარი აზრი ჩამოუყალიბდათ. ეს ხალხი ძალიან გავს გუგულს, რომელიც სხვის ბუდეში დებს კვერცხებს. ახლა ჯობს, თავი შევიკავოთ კონფრონტაციის გაღრმავებისგან. ისინი გუშინდელ შეხვედრას საკუთარ ინტერპრეტაციას უკეთებენ. გუშინ იყო საუბარი იმაზე, რომ ყველა დეპუტატის მონაწილეობით შემუშავდება გადაწყვეტილებების მიღების ფორმა, რაზეც ჩვენ ყველანი შევთანხმდებით და რაც აღარ უნდა დაარღვიო. პარლამენტში არავინ არავის უფროსი არ არის. ძალიან ცუდი ფაქტია, როცა კოლეგის გადაწყვეტილებას ასე აუგად ეხმიანები. გამოსავალს უმრავლესობის შეკრებაში ვხედავთ – ჩვენ ვართ მოწადინებული ერთობისაკენ“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.