“მდინარაძემ არ უნდა დატოვოს თანამდებობა, ის ცდილობს, რომ მაქსიმალურად გვქონდეს ერთმანეთთან კომუნიკაცია”
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პოსტი არ უნდა დატოვოს.
„მამუკამ არ უნდა დატოვოს ეს თანამდებობა, ის ცდილობს, რომ მაქსიმალურად გვქონდეს ერთმანეთთან კომუნიკაცია“,- აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ქანთარია თვლის, რომ გედევან ფოფხაძის პროტესტი და პარტიიდან წასვლა, უნდა იყოს პირველი სიმპტომი, რომ უმრავლესობამ გამოიღვიძოს.
„ჩვენ რაღაც თვლემას მივეცით, იმიტომ, რომ ოპოზიციაც ცოტაა ალბათ… ეს არის პირველი სიმპტომი, რომ ჩვენ გამოვიღვიძოთ და არ მოვდუნდეთ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამომრჩევლმა რამე გვაპატიოს. მსჯელობა გუნდში ბუნებრივია, იქნება. აქ არ არის საუბარი სანქციებზე, აქ საუბარია უფრო შიდა წესდებაზე, ურთიერთობის დალაგებაზე, ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენ მივიღებთ უკეთეს ვარიანტს, უმთავრესი ფუნქცია რაც არის უმრავლეობის, რომ ამომრჩეველს ემსახუროს, ეს არის, მე ამბიცია არ მაქვს, რომ რაიმე საპარლამენტო თანამდებობა დავიკავო. მე რომ 20 წლით უკან ვიყო, შესაძლოა მეფიქრა, და ესეც ჩათვლილიყო ბრძოლად კონკურენეტების ჩამოსაშორებლად და შემდეგ თანამდებობის დასაკავებლად, მაგრამ არაფერი მსგავსი. მე მინდა ის ავასრულოთ, რასაც დავპირდით ჩვენს ამომრჩეველს და მუდმივად ფხიზლად ვიყოთ“,- აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.
დეპუტატი, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მისთვის მიუღებელი იყო.
„ირაკლი კობახიძის მიერ, 9 აპრილის მემორიალთან ცოტა ავტორიტარული ნოტებით გაკეთებული განცხადება, რა თქმა უნდა, მიუღებელი იყო და მე მგონი, ის ამას მიხვდა“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.
ქანთარია მიიჩნევს, რომ საჭიროა, ქართულმა ოცნებამ“ ამ სიტუაციაში პოლიტსაბჭოს სხდომა მოიწვიოს.
„პოლიტსაბჭო დიდი ხანია არ შეკრებილა და იმედი მაქვს, რომ შეიკრიბება, მითუმეტეს, ასეთ დროს“,- აღნიშნა დეპუტატმა.