სემინარზე „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ რეგისტრაცია გამოცხადდა

2014 წლიდან სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“.  პროექტი ორი ეტაპისგან შედგება: სემინარი მასწავლებლებისათვის – „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ და კონკურსი მასწავლებლებისათვის – საუკეთესო პროექტების გამოვლენა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სასწავლო განრიგში ევროკავშირის თემატიკის დანერგვისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით.

პროექტის პირველი ეტაპი – სემინარი „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ 2018 წლის 7-8 მაისს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართება.

ორი დღის განმავლობაში მასწავლებლები შეხვდებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, ქართველ და უცხოელ საერთაშორისო ურთიერთობებისა და განათლების ექსპერტებს.

პროექტში ჩართვა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის (მათ შორის, იმ პედაგოგებს, რომლებიც ქართულს მეორე ენად ასწავლიან), გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების  მასწავლებელს.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მიმდინარე წლის 24 აპრილის ჩათვლით. ადგილები შეზღუდულია, შესაბამისად, სემინარის მონაწილე პედაგოგები შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილების, საგნობრივი მიმართულებებისა და რეგიონული გადანაწილების პრინციპის საფუძველზე. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:

პროექტის კოორდინატორები აპრილის ბოლომდე მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან.

სემინარში „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ მონაწილეობა გულისხმობს პროექტის კონკურსში მონაწილეობის მიღებასაც, რომლის მიზანია პედაგოგების მიერ საუკეთესო პროექტის/ინიციატივის გამოვლენა. კონკურსში ჩართვის მსურველ პედაგოგებს მიეცემათ კონკრეტული ინსტრუქცია და ვადა პროექტების/ინიციატივების მოსამზადებლად. მუშაობის პერიოდში პედაგოგებს გაეწევათ კონსულტაციები. გათვალისწინებულია გამარჯვებული პროექტების/ინიციატივების დასაჩუქრება.

 

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები