ომბუდსმენის აპარატი შახტში მომხდარის გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს

სახალხო დამცველის აპარატი მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ტყიბულში უთხრა.

“არის ვერსია, რომ ადგილი ჰქონდა ე.წ სამთო დარტყმას, რამაც გამოიწვია ქანების ჩამოშლა, შედეგად წარმოიქმნა ჰაერის ძლიერი ტალღა, რისგანაც გარდაიცვალნენ მუშები. ეს არის ვერსია, რაზეც საუბრობს ადმინისტრაცია, თუმცა ამ ეტაპზე მიდინარეობს გამოძიება. როგორც ვიცი ექსპერტები ჩასულები არიან შახტაში და პასუხები უნდა გაეცეს შეკითხვებს, რას ჰქონდა ადგილი, იყო, თუ არა ეს სეისმური მოვლენა, რომლის პროგნოზირებაც, ვთქვათ, არ იყო შესაძლებელი, თუ იყო ისეთი მოვლენა, რისი პრევენციაც იყო შესაძლებელი. ასევე, შახტაში, უსაფრთხოების რა ზომები იყო გატარებილი იმისთვის, რომ არ დამდგარიყო ასეთი შედეგი ან საერთოდ, თუნდაც დახურულიყო აღნიშნული შახტის ნაწილი. ეს არის საკითხები, რაზეც პასუხები უნდა გასცეს ექსპერტიზამ და გამოძიებამ”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მინდელის შახტში ტრაგედია დღეს დილით, დაახლოებით 4 საათზე მოხდა. შედეგად 6 მუშა დაიღუპა, 3 კი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ცოტა ხნის წინ “აუდიტორია 115“ ხვალ ხუთ საათზე თბილისში აქცია დააანონსა.

რაც შეეხება სტატისტიკას, 2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, (სხვადასხვა სფეროებში), ქვეყნის მასშტაბით, სამუშაო ადგილზე დაიღუპა 18 ადამიანი და მძიმედ დაშავდა 12.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები