ტყიბულში დაშავებული მეშახტეები მკურნალობას ქუთაისში განაგრძობენ

ტყიბულში დაშავებული სამივე პაციენტი მკურნალობას ქუთაისში განაგრძობს, ერთ-ერთი დაშავებული, რომელიც ტყიბულის საავადმყოფოში მკურნალობდა ქუთაისში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს.

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ სამი დაშავებულიდან ორის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ერთი კვლავ რეანიმაციაში რჩება:

“ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მათ აქვთ თავის ტვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა, ერთი პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, თუმცა დინამიკა არ გაუარესებულა, იმყოფება რეანიმაციაში, ქალა ტვინის მძიმე ტრავმა აქვს, თავის ტვინის დაჟეჟილობა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა”, – თქვა თამარ ჯანელიძემ.

მინდელის შახტში ტრაგედია დღეს დილით, დაახლოებით 4 საათზე მოხდა. შედეგად 6 მუშა დაიღუპა, 3 კი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ცოტა ხნის წინ “აუდიტორია 115“ ხვალ ხუთ საათზე თბილისში აქცია დააანონსა.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველის აპარატი მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს.

რაც შეეხება სტატისტიკას, 2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, (სხვადასხვა სფეროებში), ქვეყნის მასშტაბით, სამუშაო ადგილზე დაიღუპა 18 ადამიანი და მძიმედ დაშავდა 12.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები