2 წლის გოგონა ტელევიზორის დაცემის შედეგად დაიღუპა
ორი წლის გოგონა დაიღუპა პოდმოსკოვიეში, ტელევიზორის დაცემის შედეგად. როგორც ადგილობრივი სამართალდამცველები აცხადებენ, წელს ეს უკვე მესამე მსგავსი შემთხვევაა. ორი წლის გოგონას ცხედარი სახლში სისხლჩაქცევებით და ტრავმებით იპოვეს.
„დადგენილია, რომ გოგონას ტუმბოდან ჩამოვარდნილი ტელევიზორი დაეცა. მიღებული ტრავმების შედეგად, ის ადგილზე გარდაიცვალა. ამ დროისთვის დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სიკვდილის მიზეზის და სხვა გარემოებების დასადგენად. შემოწმების შედეგების საფუძველზე, მიღებული იქნება პროცესუალური გადაწყვეტილება“,- განაცხადეს ადგილობრივ პროკურატურაში.
6 თებერვალს, ნაროფომინსკში, ასევე ორი წლის გოგონამ, ტუმბო წააქცია და მასზე მდგარი ტელევიზორი დაეცა. გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა. 20 თებერვალს კი, ქალაქ ნოგინსკში, ერთ-ერთ ბინაში, ტელევიზორი ერთი წლის ბიჭმა გადმოაგდო. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბავშვის გარდაცვალების ფაქტი დააფიქსირა.
სამართალდამცველები მშობლებს მოუწოდებენ, მსგავსი შემთხვევებისგან თავის დასაცავად, ტელევიზორები ბავშვებისთვის უსაფრთხო ადგილას მოათავსონ.