ზაზა გაბუნია: პრემიერის მიერ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა წლების მანძილზე ჩაკეტილი წრის გარღვევისთვის ეფექტური იქნება

„პრემიერის მიერ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა წლების მანძილზე საგულდაგულოდ ჩაკეტილი წრის გარღვევისთვის ეფექტური იქნება“,-ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მიმართ ყურადღება იყო და იქნება ხელისუფლების საზრუნავი.
„ამიტომ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს იმისათვის, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის გაფართოვდეს და გამარტივდეს იმ სიკეთეებზე წვდომა, რასაც ქართული სახელმწიფო თავისი მოქალაქეებისათვის ქმნის. მთავრობის ინიციატივის მიზანია, რომ ჩვენი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოებული პროდუქცია, ჩვენი საკანონმდებლო რეგულაციით და კონტროლით, გავრცელდეს საქართველოს მიერ ათვისებულ ბაზრებზე, იქნება ეს შიდა ბაზარი, ევროკავშირი, ჩინეთი თუ სხვა. აღნიშნული ინიციატვით, წახალისდება საერთო ბიზნეს ინიციატივები. ცვლილებები მნიშვნელოვნად გააქტიურებს ეკონომიკურ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს შერიგების პროცესს“,-აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა.
„მინდა დავიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივით, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზაზე გახლავთ უალტერნატივო ნაბიჯი – ეს არის ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები