ზვიად ძიძიგური: სამშვიდობო პოლიტიკის ახალი ინიციატივა გაბედული ნაბიჯია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ფიქრობს, რომ სამშვიდობო პოლიტიკაზე წარდგენილი ინიციატივა გაბედული ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
ჟურნალისტებთან საუბარში ზვიად ძიძიგური პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავრობის ხელმძღვანელმა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა წარადგინა.
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ძალიან ძლიერი ხელისუფლება გვყავს ათასი პროვოკაციის მიუხედავად, რასაც ვღებულობთ ხან ბორდერიზაციის, ხან მოქალაქეების გატაცებით, მათი წამებით და მხეცურად მოკვლით. ასეთი სახის ათას გამოწვევას ვხედავთ და ამ ფონზე ხელისუფლება აცხადებს, რომ სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს. მაინც მოვახერხებთ იმას, რომ აფხაზ და ოს მოქალაქეებთან ერთად კომუნიკაცია გაუმჯობესდეს და ის ვითარება შევქმნათ, რომელიც შემდგომ უფრო მეტი პროგრესის მომტანი იქნება“, – განაცხადა ძიძიგურმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; მეორე მიმართულება – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა – ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები