ვოლსკი სამშვიდობო ინიციატივაზე: მოლოდინი, რომ ამას დე ფაქტო ხელისუფლება აღფრთოვანებით შეხვდება, არ უნდა გვქონდეს, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ

სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტები, რომლის განხილვაც უახლოეს მომავალში დაიწყება – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
“მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის დღის წესრიგით ცხოვრებას თავი დავანებოთ. ძალიან სწორი მიმართულება გვაქვს, რაც იმ განცხადებაში გამოიხატება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ყველაფერს ხელი უნდა შევუწყოთ, რაც საზოგადოებას საშუალებას მისცემს დაახლოვდნენ, ურთიერთობები გაძლიერდეს და საქართველოს მთელი ტერიტორია იმ ადგილად იქცეს, სადაც აფხაზებსა და ოსებს საშუალება ექნებათ, ბიზნესი გააკეთონ, ისწავლონ, ყველა სახის მომსახურება მიიღონ. მოლოდინი იმის, რომ ამას ან საოკუპაციო რეჟიმი, ან დე ფაქტო ხელისუფლება, ან საზოგადოების გარკვეული ნაწილი დიდი აღფრთოვანებით და ტაშის გრიალით შეხვდება, რასაკვირველია, არ უნდა გვქონდეს, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ და არავითარ შემთხვევაში იმ პოზიციებზე უკან არ უნდა დავიხიოთ, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოგვთავაზა და რომელმაც ომამდე და ტერიტორიების ოკუპაციამდე მიგვიყვანა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა. „მინდა დავიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივით, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზაზე გახლავთ უალტერნატივო ნაბიჯი – ეს არის ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები