“2017 წელს, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, ”საზღვრის უკანონო კვეთის” ბრალდებით 126, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით კი 52 ადამიანი უკანონოდ დააკავეს”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 52 უკანონო დაკავების ფაქტი იქნა რეგისტრირებული.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული, 2017 წელს კიდევ ორი დამატებითი ე. წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის („ხურჩა-ნაბაკევი“ და „ორსანტია-ოტობაია“) დახურვა მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ოკუპირებული გალის რაიონიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების და ადგილობრივ საზოგადოებებს შორის ინტერაქციის შეზღუდვას.
„ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას და დისკრიმინაციული პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის „ბინადრობის უფლების“ მინიჭების საკითხზე დაწესებული შეზღუდვები, ოკუპირებული გალის რაიონისა და ცხინვალის რეგიონის ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების ნაწილობრივ აკრძალვა და 2017 წელს ცხინვალის რეგიონში (სოფლები: ერედვი, ბერულა, არგვიცი და ფრისი) დევნილი ქართველების კუთვნილი საცხოვრებელი სახლების მიზანმიმართული ნგრევა“, -აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, სუს-ი ანგარიშში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მძიმე კრიმინოგენურ ვითარებასა და ადგილზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების არარსებობას ასახელებს.
”ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების, მათი მაქსიმალური განეიტრალების და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ანექსიის პროცესებისთვის ხელშეშლის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ახდენდა ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს, აქტიურად თანამშრომლობდა და მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. უსაფრთხოების სამსახური, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვის მიზნით, მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად, ახორციელებდა ადგილზე უსაფრთხოების ღონისძიებების კოორდინაციას”, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები