დიმიტრი ლორთქიფანიძე: ნებაყოფლობითი ნარკომომხმარებლისთვის უნდა შემოვიღოთ საყოველთაო დეკლარირების ვალდებულება

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, პოლიტიკიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. როგორც მან განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება რაიმე სკანდალს ან კონფლიქტს არ უკავშირდება და ეს იყო მის მიერ მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილება. მისივე თქმით, ის აქტიურ მოღვაწეობას საზოგადოებრივი საკითხების გადაწყვეტაში განაგრძობს.
დიმიტრი ლორთქიფანიძემ, დღეს არსებულ მთავარ გამოწვევაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისთვის პრიორიტეტული საკითხი ნარკოპოლიტიკაა.
“ჩემი ხედვა ნარკოპოლიტიკის მიმართ, იმის საპირისპიროა, რაზეც გვიჩიჩინებენ, რომ უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაცია, “ერთჯერადი დოზის ტერმინის” დამკვიდრება სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, გვიჩიჩინებენ იმასაც, რომ ნებისმიერი ნარკოტიკის დღიური დოზის ჯიბით ტარება, თურმე, არ უნდა იყოს სისხლის სამართლის წესით დასჯადი და უნდა იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული სამართალდარღვევის ფაქტი, რასაც მე კატეგორიულად არ ვეთანხმები. ნებაყოფლობითი ნარკომომხმარებლისთვის, უნდა შემოვიღოთ საყოველთაო დეკლარირების ვალდებულება, რადგან სახელმწიფომ მოახდინოს მათი დესოციალიზაცია, შეზღუდოს საჯარო სამსახურში დასაქმება, მართვის მოწმობის რეალიზაცია და ა.შ. თუ ასეთი ადამიანი დეკლარირებას მოახდენს სახელმწიფო აიღებს პასუხისმგებლობას, რომ მას უმკურნალოს. ხოლო პირი, რომელიც უკანონოდ გააგრძელებს ნარკოტიკების მიღებას და საზოგადოების წინაშე წარსდგება, როგორც რეალიზებული/შემდგარი პიროვნება, მომავალი თაობისთვის ძალიან მავნე ზეგავლენას მოახდენს, რადგან ისინი დაინახავენ, რომ ვიღაცას, ვინც “კაიფობს”, აქვს კარგი სამსახური, ჰყავს შესანიშნავი გარემოცვა, როგორ შეიძლება ასეთი ფაქტი არ იყოს პროპაგანდისტული. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში პირი უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში და აქ სახელმწიფომ არცერთი ნაბიჯით უკან არ უნდა დაიხიოს”,-განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ლორთქიფანიძე გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) გარშემო მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სწორედ ამ ადამიანებს, რომლებიც ახლა პასუხისგებაში არიან მიცემულნი, 900 აბი სუბოტექსის შემოტანას ედავებიან. მისივე თქმით, ერთი აბი ნარკოტიკული საშუალება 7-8 ადამიანს ყოფნის, რაც ლორთქიფანიძის შეფასებით ​მასობრივი განადგურების საშუალებაა.
“უდანაშაულობის პრეზუმპციას პატივი ვცეთ, მაგრამ როდესაც საუბარია, რომ გრამზე და ორ გრამზე არ უნდა იჭერდნენ ადამიანებს, ამ ადამიანებზე კი, რომლებიც ახლა პასუხისგებაში არიან მიცემული, 900 აბ სუბოტექსზეა ლაპარაკი. საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში განსაზღვრულია ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა სამი ჯგუფი და განისაზღვრა ყველაზე მძიმე ნარკოტიკული საშუალებები. აღსანიშნავია, რომ მარიხუანაში შემავალი ტეტრაჰიდროკანაბინოლი განეკუთვნება პირველ ჯგუფს, ანუ ის არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნარკოტიკული საშუალება, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ტვინს და ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ერთი აბი ნარკოტიკული საშუალება კი ყოფნის 7-8 ადამიანს და ისმის კითხვა, არის თუ არა ეს მასობრივი განადგურების საშუალება?! აქედან გამომდინარე, ზომიერად რეპრესიული უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა”, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები