პედაგოგი, რომელიც მოსწავლემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, სენაკში დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გარყვნილი ქმედების ბრალდებით, ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული ა.კ. სენაკში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 მარტს, ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელმა, ა.კ.-მ, თავის კუთვნილ ავტოფარეხში და საცხოვრებელ ბინაში, მასთან დროებით მცხოვრები, 2002 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების“ ყოფილი პედაგოგი მისივე მოსწავლემ, ფეხბურთის ქალთა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.