ვლადიმერ ჯანჯღავა: გიორგი სალაყაიამ ყველაფერი იკადრა! თაღლითი და აფერისტია!

ორ თვეზე მეტია, საკმაოდ დიდი ვნებათაღელვაა კომპანია „ბადაგონის“ გარშემო. „ბადაგონის“ დამფუძნებელი ვლადიმერ ჯანჯღავა აცხადებს, რომ „ბადაგონის“ ამჟამინდელმა მფლობელმა, გიორგი სალაყაიამ, მიითვისა კომპანია და არ შეასრულა დათქმული პირობა იმის შესახებ, რომ გარკვეული პერიოდით დათმობილ წილს მოგვიანებით უკან დააბრუნებდა.

სალაყაია კი აცხადებს, რომ კომპანიის პატიოსანი მფლობელია და იმ დროს, როცა კომპანია 40 000 დოლარად შეიძინა, ეს თანხაც არ ღირდა. მოგვიანებით ციფრი შეიცვალა და სალაყაიას ადვოკატმა განაცხადა, რომ წილის გამოსყიდვაში არა 40 000 დოლარი, არამედ 1 200 000 გადაიხადეს.

ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატის, იმედა დვალიძის თქმით, სალაყაიას მხარე ვერ წარმოადგენს ვერანაირ დოკუმენტს, რომლითაც დადასტურდება, რომ ზემოხსენებული თანხა წილის გამოსყიდვის მიზნით გადაიხადეს. მისი თქმით, ამ თანხით კომპანია „ბადაგონმა“, და არა გიორგი სალაყაიამ, ინვესტორი კომპანია „გრაკოროს“ ვალის მცირე ნაწილი დაფარა.

ბევრი კითხვა დაგროვდა როგორც ვლადიმერ ჯანჯღავას, ისე გიორგი სალაყაიას მიმართ. გიორგი სალაყაიასთან არაერთგზის დაკავშირების მიუხედავად, მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ. ასეთი მნიშვნელოვანი დავის დროს, კომპანიამ გადაწყვიტა, მედიასთან ურთიერთობა გაეწყვიტა.

 „რაც დღეს ხდება, ჩემთვის გაუგებარია. ვფიქრობ, მოვიდა დრო, ბატონ სალაყაიას შევახსენო, რომ ყველა თანხას კომპანიის ინვესტირებისთვის იღებდა ჩემგან. ჩვენ ვმეგობრობდით და, სამწუხაროდ, მან ეს ყველაფერი დაივიწყა. სამწუხაროდ, ის იგნორირებას უკეთებს ჩვენს სამართლებრივ მოთხოვნებს. იძულებული ვართ, თავად ვიპოვოთ გზები და სამართლიანობა აღვადგინოთ. მან ჩვენი ნდობა გამოიყენა და ჩემი საკუთრება მიითვისა“, – აცხადებს ვლადიმერ ჯანჯღავა.

ის იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც გიორგი სალაყაიასთან საქმიანი ურთიერთობა დაიწყო.

„სალაყაიას გაუჩნდა ფინანსური პრობლემები და, ასევე, პრობლემები სამართალდამცავ ორგანოებთან. ის ჩამოვიდა ჩემთან უკრაინაში და დავეხმარე, რომ ამ სიტუაციიდან თავი დაეღწია.

ამის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და გახდა პარლამენტის დეპუტატი. ვიფიქრე, რომ თავისი გამოცდილებით, ის საჭირო ადამიანი იქნებოდა და ვთხოვე, ჩვენს საქმეში ჩართულიყო. გადავწყვიტეთ, აგვეშენებინა დიდი ქარხანა, რომელსაც გოგის ჩავაბარებდით. მას წილიც კი მივეცით, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორებს წილის მიცემასთან დაკავშირებით სულ სხვანაირი მოლაპარაკება გვქონდა.

გიორგი სალაყაიამ ჩადო თუ არა „ბადაგონში“ რაიმე სახის ინვესტიცია და თუ ჩადო, რამდენი?

 ჩემ გარდა,  არავის არაფერი ინვესტიცია არ შეუტანია და ეს მშვენივრად იცის სალაყაიამაც. თუ არადა, წარმოადგინოს დოკუმენტაცია, მისი მხრიდან რაიმე სახის ინვესტიციის შემოტანის თაობაზე.

გიორგი სალაყაიას განცხადებით, მან წილის სანაცვლოდ 40 000 დოლარი გადაიხადა. მისივე თქმით, იმ დროისთვის ქარხანა მეტი არც ღირდა.

რა 40 000?! 2006 წლისთვის „ბადაგონში“ უკვე 15 მილიონი იყო ინვესტირებული. არავინ მოელოდა ამხელა პროექტს. ასევე, არავინ მოელოდა, რომ ამხელა ფულს ჩავდებდი… არავინ მოელოდა არც იმას, რომ ხანგრძლივი პროექტი იქნებოდა.

2006 წელს ავაშენეთ ქარხანა 2 მილიონი ბოთლის წარმადობით. ყველაფერი უმაღლესი ხარისხის იყო. კიდევ 7 წელი მე ვდებდი ამ საქმეში ფულს. ეს ფული იხარჯებოდა ხელფასებში, ტექნიკაზე. შემდეგ, რაღაც მომენტში ვეღარ ვახერხებდი ინვესტირებას, მაგრამ ვვითარდებოდით.

ამის შემდეგ, სალაყაიამ მითხრა, უნდა განვვითარდეთ კიდევ უფრო მეტადო, მაგრამ ინვესტიციის ჩადების საშუალება აღარ მქონდა. ავდექით და სესხის გარანტიად ჩავდეთ ბანკში ტექნიკა-დანადგარები. შემდეგ მითხრა, აქციებით შეგვიძლია კრედიტის აღება, მაგრამ ეს აქციები რეზიდენტზე უნდა იყოსო. დავეთანხმე და პირველად გადავაფორმეთ „ბადაგონის“ 40%. ეს არ იყო გაყიდვა, ეს იყო ტექნიკური საშუალებების ბანკში ჩადება. მერე მითხრა, კიდევ 10 პროცენტიაო საჭირო. კიდევ გადავაფორმეთ 10%. თითქოს მოგვარდა ყველა პრობლემა და მე, როგორც ინვესტორმა, შევასრულე ჩემი ვალდებულება. საჭირო იყო, გადამეცა აქციები, გადავეცი, მოვაგვარე პრობლემა და კომპანიამ განაგრძო განვითარება. იმ მომენტში ეს ატარებდა ფორმალურ სახეს.

რატომ გადაუფორმეთ საკონტროლო პაკეტი და მერე მთლიანი წილი? თქვენ ხომ ბიზნესმენი ხართ, ასე ადვილად ენდობით ადამიანებს?!

პრობლემა შემექმნა იმ ბიზნესში, საიდანაც „ბადაგონში“ინვესტიციას ვდებდი. დამჭირდა ფული და სესხის აღება ბანკიდან. სალაყაიამ მითხრა, რომ ამის გასაკეთებლად აქციების გადაფორმება იყო კიდევ საჭირო. აქ უკვე თითქოს რაღაცას მივხვდი და ვუთხარი, მოდი, ვინმე სხვაზე გადავაფორმებ-მეთქი. მითხრა, მხოლოდ ჩემზე შეგვიძლია, რადგან ბანკში ჩემი ურთიერთობები მაქვს და სხვას ასე მარტივად არ მისცემენო. ასე მოხდა ჩემი წილის მთლიანად გადაფორმება.

სალაყაიას ადვოკატი ამტკიცებს, რომ მან წილის სანაცვლოდ თქვენ მილიონ ორასი ათასი გადაგიხადათ…

ეს იყო „ბადაგონის“ ვალი „გრაკოროს“, ანუ ინვესტორი კომპანიის მიმართ. კიდევ არის დავალიანება. ეს იყო დავალიანების მცირე ნაწილის გადახდა და ეს მშვენივრად იცის სალაყაიამ. არაა პრობლემა მაგ დოკუმენტის წარმოდგენა და რაში სჭირდებათ ეს ტყუილები?!

გადის დრო და „ბადაგონიდან“ არანაირი შემოსავალი არ არის. გარემოებებიც შეიცვალა. მოწმეებთან ერთად ველაპარაკებოდი გოგის და ვეკითხებოდი, ყველაფერი ნორმალურად თუ არის-მეთქი? მეუბნებოდა, კიო, ყველაფერი ნორმალურადაა, ცოტა დარჩა და ყველაფერი გამოსწორდებაო.

როცა დავბრუნდი, გოგის ვუთხარი, ჩემი წილის დაბრუნება მინდა და მოდი, აღვადგინოთ სტატუს კვო-მეთქი. მითხრა, ვერაო. ვიღაცებთან ვალდებულებები მაქვს და ჯერ ეს წილი ჩემს სახელზე უნდა იყოსო. თან რაღაც უცნაურ ამბებს იგონებდა, სხვანაირად რომ ვქნათ ახლა, მე და ჩემს ოჯახს პრობლემები შეგვექმნებაო. მეც მჯეროდა ამ ყველაფრის.

კიდევ ერთი დეტალი, ამ პერიოდში  კიდევ გახდა თანხა საჭირო და მე ვთხოვე ჩემს მეგობარს, რომელსაც გოგი შეხვდა და 500 000 გამოართვა. კიდევ კარგი, მეტი არ მოუცია. სამი მილიონის მიცემას ითხოვდა.  ჩვენს ბოლო შეხვედრაზე გოგის ვუთხარი, ამ კაცს ფული არ უნდა დავუბრუნოთ-მეთქი? მითხრა, რომ არ აინტერესებდა, საიდან მოვიტანე ფული, შენი პრობლემებიაო. ეს უკვე საბოლოო წვეთი იყო.

ანუ ერთად ავიღეთ ფული, ამ ფულით ერთად მოვაგვარეთ ქარხნის პრობლემები და როცა ჯერი გადახდაზე მიდგა, მითხრა, შენი პრობლემააო.

ბოლოს კი მითხრა, ამ ყველაფერში, ანუ „ბადაგონის“ საქმეში, აღარ ხარო. რატომ აღარ ვარ-მეთქი? ასე აჯობებს ყველასთვისო. ამის შემდეგ უკვე იძულებული გავხდი, სხვა მეთოდებითა და ხერხებით მემოქმედა.

„ბადაგონის“ თანამშრომლებს იცნობთ? გქონდათ მათთან ურთიერთობა? ისინი გოგი სალაყაიას მხარეს დგანან.

„ბადაგონის“ ყველა თანამშრომელს ვიცნობ. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ შეშინებულები არიან.

არავინ გამინაწყენებია ქარხანაში არასდროს. ლიზა ბაგრატიონის საქციელი ძალიან საწყენია. თითქოს არ იცის, ფული საიდან მიდიოდა „ბადაგონში“. ქარხანა რომ გაიხსნა, ლიზა ბაგრატიონს მანქანა ვაჩუქე მადლიერების ნიშნად. ბასა ფოცხიშვილმა „ბადაგონის“ გახსნაზე წიგნი გააკეთა, რომელიც  მამაჩემის ფოტოთი გაფორმდა და თავად მუშაობდა ამ ფოტოს შერჩევაზე.

რას აპირებთ?

არ ვარ ბოროტი ადამიანი, ეს მიქმნის პრობლემებს, მაგრამ რასაც ვუყურებ, რაც ხდება, ვაპირებ, ბოლომდე ვიბრძოლო. არ მინდა მისი დასჯა, რომ ვინმე დაზარალდეს, მაგრამ მინდა სამართლის აღდგენა.

ბოლოს ყველა ზღვარს გადავიდა გოგი, ისიც იკადრა, რომ ჩემზე თქვა, „კაგებეს“ აგენტიაო.  მე არცერთ ინტერვიუში ის ცუდად არ მომიხსენებია, მისგან განსხვავებით. ახლა კი თავისუფლად შემიძლია ვთქვა ხმამაღლა, რომ ის არაადამიანი, თაღლითი და აფერისტია.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები