„ახალგაზრდა ადვოკატები“: სასამართლომ თამარ კიკაჩეიშვილის საქმეზე, განათლების საერთაშორისო ცენტრის გადაწყვეტილებები უკანონოდ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ „საერთაშორისო სამაგისტრი პროგრამები 2017-2018-ის მონაწილის, თამარ კიკაჩეიშვილის სარჩელი  ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ცენტრის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება თამარ კიკაჩეიშვილის მიმართ სასტიბენდიო პროგრამა: „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ კონკურსის მესამე ეტაპის გადალახვაზე უარის თქმის შესახებ, 2017 წლის 12 ივლისის სხდომის ოქმი #8 თამარ კიკაჩეიშვილის მიმართ სწავლის საფასურისა (44 695 აშშ დოლარი) და საყოფაცხოვრებო ხარჯების (22 073 აშშ დოლარის) დაფინანსებაზე უარის თქმის ნაწილში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, განათლების საერთაშორისო ცენტრს დაევალა თამარ კიკაჩეიშვილის თავიდან შეფასება, ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამასთან, სრულად დაკმაყოფილდა ცენტრის მიმართ მხარის სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების დაკისრების მოთხოვნა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა დარასელიამ მიიღო.

“წინამდებარე დავის ფარგლებში დადგენილია, რომ თამარ კიკაჩეიშვილს უარი ეთქვა აშშ-ის ბოსტონის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულებით სწავლის საფასურის – 44 695 აშშ დოლარისა და საყოფაცხოვრებო ხარჯების – 22 073 აშშ დოლარის დაფინანსებაზე. თამარ კიკაჩეიშვილმა 2017 წლის 26 აპრილს ჩააბარა ბოსტონის უნივერსიტეტის განვითარებადი მედიის შესწავლის სამაგისტრო პროგრამაზე. მას მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, უნივერსიტეტმა სტიპენდია გამოუყო, ხოლო დარჩენილი თანხის მოპოვების მიზნით, მონაწილეობა მიიღო განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ „სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრი პროგრამები 2017-2018“ კონკურსში. თამარ კიკაჩეიშვილმა წარმატებით გადალახა კონკურსის ორი ეტაპი, ხოლო მესამე ეტაპზე, საკონკურსო კომისიის მხრიდან მიიღო დაბალი შეფასება და უარი ეთქვა დაფინანსების მიღებაზე. აპლიკანტის კომისიასთან შემდგომი კონტაქტის შედეგად, თამარ კიკაჩეიშვილის გადაეცა შეკითხვები, კრიტერიუმები და შეფასება. აღმოჩნდა, რომ ერთი მსგავსი შეკითხვის გარდა, თამარ კიკაჩეიშვილის მიმართ არც ერთი სხვა შეკითხვა გასაუბრებაზე დასმული არ ყოფილა. მისი შეფასება ცენტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით არ მომხდარა. შესაბამისად, მხარემ მიმართა სასამართლოს დაფინანსების მიღებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული აქტების ბათილად ცნობაზე და დარღვეული უფლებების აღდგენა მოითხოვა.

სასამართლომ 2017 წლის 7 ნოემბრის, 14 დეკემბრისა და 2018 წლის 13 თებერვლის სხდომებზე, თამარ კიკაჩეიშვილის მიერ წარდგენილი შუამდგომლობები დააკმაყოფილა, მათ შორის თამარ კიკაჩეიშვილის მიერ სადავო გადაწყვეტილების შემდგომ კომისიასთან შეხვედრის აუდიო-ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი პასუხს ვერ სცემს კონკურსანტის სამართლებრივ პრეტენზიებს დასმულ და დაუსმელ შეკითხვებთან და კომისიის ერთ-ერთ წევრთან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით. სასამართლომ საქმეს დაურთო მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, დგინდება, რომ ცენტრი თამარ კიკაჩეიშვილის რეკომენდატორ ლეონ მორსეს დაუკავშირდა არა აპლიკანტის შეფასების პროცესში, რაც სავალდებულო იყო, არამედ სადავო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, 2017 წლის 2 აგვისტოს, ისიც არათემატურ საკითხებთან დაკავშირებით. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და 13 თებერვლის სხდომაზე მოწმის სახით იქნა დაკითხული ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის საკონკურსო კომისიის წევრი, პრეზიდენტის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივი ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე”,- აცხადებს “ახალგაზრდა ადვოკატები”.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ, საერთო სასამართლოებში, უკვე მეორე დავას აწარმოებს. ორგანიზაცია ცენტრის საქმიანობაზე სამართლებრივი დასკვნას ამზადებს, სადაც აპლიკანტთა უფლების დარღვევის ფაქტებზე იქნება საუბარი.

ბოსტონის უნივერსიტეტმა მიიღო საგამონაკლისო დაშვება და თამარ კიკაჩეიშვილს გადაუვადა სწავლის დაწყების თარიღი და შეუნარჩუნა გაცემული სტიპენდია 2018-2019 სასწავლო წლისთვის. თამარ კიკაჩეიშვილი არის ჟურნალისტი და მედიის სპეციალისტი, პრესტიჟულ გამოცემებთან და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. მის ადვოკატირებას, საქმეზე წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ახდენს. ცენტრის ინტერესებს ანა მჭედლიშვილი  წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები