სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზო ადამიას ფერწერული ტილოების ვერნისაჟი – „კოლხური ოდა“ გამოიფინება

29 მარტს, 13:30 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, რეზო ადამიას ფერწერული ტილოების ვერნისაჟი – „კოლხური ოდა“ გამოიფინება.
როგორც სოხუმის უნივერსიტეტის ახალგაზრდა ისტორიკოსთა ლიგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სოხუმის უნივერსიტეტის ახალგაზრდა ისტორიკოსთა ლიგა უერთდება მოძრაობას – „გადავარჩინოთ კოლხურ-მეგრული ოდები“ და მართავს შეხვედრას კამერული გამოფენით, სადაც დათოვლილი ოდების ოცამდე პეიზაჟს მნახველი პირველად იხილავს.
„ჩვენი სახალხო მხატვარი, 80 წლის რეზო ადამია დიდ საქმეს ემსახურება, რაც ძალიან მისასალმებელი და დასაფასებელია… მცირედნი თუ ჰყავს ჩვენს ქვეყანას ასეთი ღირსეული შვილები, რომლებიც ასე უანგაროდ აკეთბს სიკეთს. სიკეთეს, რომელიც გადამდები გვინდა გავხადოთ“, – წერს სოხუმის უნივერსიტეტის ახალგაზრდა ისტორიკოსთა ლიგის ხელმძღვანელი  ხატია ჯალაღონია ფეისბუქის გვერდზე.
რეზო (ემელიანე) ადამიას ოდების ფერწერაში გაცოცხლებით უძველესი არქიტექტურული ნიმუშების გადარჩენა სურს.
მხატვარმა „მოძრაობა „გადავარჩინოთ კოლხური ოდა“ აბაშაში ორი წლის წინ დაიწყო. მაგრამ  კოლხურ ოდებს 45 წელია, სამეგრელოს სხვადასხვა სოფელში ხატავს.
ხის უნიკალური არქიტექტურა  ყველაზე მეტად სწორედ აბაშის რაიონში შემორჩა.  20-30 წლის შემდეგ შეიძლება ოდები გაქრეს, მაგრამ მხატვრის შემოქმედება დარჩება. რეზო ადამიას აქვს ასევე, ნახატების ციკლი – „თოვლიანი სამეგრელო“. „კოლხური ოდაც“ მხატვრის შემოქმედებას საინტერესო ფურცლად შეემატება.
ამავე დროს, რეზო ადამიას სურვილია, იუნესკომ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში კოლხური ოდა-სახლები ოფიციალურადაც შეიტანოს. მხატვარი ოდების, როგორც არქიტექტურული ძეგლების გადარჩენის ერთადერთ საშუალებად  საერთაშორისო მხარდაჭერას მიიჩნევს, რაც კულტურის სამინისტროს ძალისხმევის შედეგად უნდა მოხდეს.
ქართული არქიტექტურული ძეგლების გადარჩენის ერთადერთ საშუალებად მხატვარი საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას მიიჩნევს.
უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად ოდა-სახლების დახატვა აბაშის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, პაატა ქურდოვანიძის იდეა იყო.
მისამართი: ანა პოლიტოვსკაიას ქუჩა 61, პოლიტოვსკაიას ქუჩა 61, I კორპუსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები