გოეთეს ინსტიტუტში გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ

31 მარტს, 17:00 საათზე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება.
როგორც „კვირას“ გოეთეს ინსტიტუიდან აცნობეს, გერმანული ენის ეროვნულ ოლიმპიადიაში გამოვლენილი გამარჯვებულები მთავარ პრიზად მიიღებენ სტიპენდიებს გერმანიაში, საერთაშორისო ოლიმპიადაზე გასამგზავრებელად, რომელიც ფრაიბურგში 2018 წლის 15-28 ივლისს გაიმართება.
ეროვნული ოლიმპიადის ფინალური ეტაპის ჟიური გოეთეს ინსტიტუტის, გერმანიის საელჩოს, საქართველოს განათლების სამინისტროს, გერმანული საერთაშორისო სკოლისა და გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენლებისგან შედგება. მოსწავლეებს ეძლევათ უნიკალური შანსი, ფრაიბურგში გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მსოფლიოს 5 კონტინეტის 60 ქვეყნის 100 მოსწავლეს შეუერთდნენ.
შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები გერმანიაში საერთაშორისო დონეზე შეეჯიბრებიან ერთმანეთს არა მარტო ენის ცოდნაში, არამედ ჯგუფური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარებში.
გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა მსოფლიო მასშტაბით გერმანულ ენაში ყველაზე დიდი კონკურსია, რომელიც გერმანიაში 2 წელიწადში ერთხელ ტარდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გერმანული ენისადმი ინტერესისა და ტოლერანტობის გაღრმავებას, მათთვის გერმანული კულტურული მრავალფეროვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაცნობას.
31 მარტს გოეთეს ინსტიტუტში დაწესებული პრიზების მოსაპოვებლად გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობას ღებულობს თბილისისა და საქართველოს რეგიონების გერმანულენოვანი საჯარო სკოლების 56 საუკეთესო მოსწავლე. საფინალო ეტაპზე მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ გამოცდაში, რომელიც ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს B2 საფეხურს შეესაბამება.
ფინალური ტური 2 რაუნდად ჩატარდება: წერითი და ზეპირი გამოცდა. წერილობითი გამოცდის შემდეგ 56 მონაწილიდან 21 რჩეული მოსწავლე ზეპირ ეტაპზე გადავა.
ზეპირი გამოცდა საჯარო ჯგუფური პრეზენტაციებისგან შედგება, როდესაც მოსწავლეების ენობრივი ცოდნის გარდა მათი შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარი შეფასდება.
ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის მთავარი პრიზის გარდა, ფინალურ ეტაპზე გადასულ 20-მდე მოსწავლეს გოეთეს ინსტიტუტი და პროექტის პარტნიორი „არვატო ბერთელსმანი“ დააჯილდოვებენ სპეციალური პრიზებით:
III ადგილზე გასულ მოსწავლეს გადაეცემა საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის უფასო ენის კურსის ვაუჩერი, დანარჩენებს კი, 21-28 ივლისს გერმანულენოვანი საზაფხულო აკადემიის საგზურები, რომელიც რუსთავში სკაუტების საერთაშორისო ბანაკში შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები