პროექტის – „კინო ჟესტებით“ წარდგენა გაიმართება

29 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს კინოაკადემიის მცირე დარბაზში  გაიმართება პროექტის „კინო ჟესტებით” წარდგენა, რაც ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისათვის ფილმების ჟესტურ ენაზე ადაპტირებას გულისხმობს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იქნება „ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანების” მიერ შერჩეული და ჟესტების ენით ადაპტირებული ორი საფესტივალო მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „აპოლო ჯავახეთი” (რეჟისორი ბაქარ ჩერქეზიშვილი) და „8 წუთი” (რეჟისორები: გიორგი გოგიჩაიშვილი და დათო აბრამიშვილი).
პრეზენტაციას დაესწრებიან: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის და კინოსექტორის წარმომადგენლები, საქართველოს ყრუთა კავშირის წევრები და სპეციალიზებული სკოლების მოსწავლეები. ფილმების ჩვენების ბოლოს გაიმართება დისკუსია, რაც შესაძლებლობას მისცემს პროექტის ავტორებს, სამომავლოდ გაითვალისწინონდამსწრე ბენეფიციარების მოსაზრებები.
კინოჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ძმები კაკაბაძეების N2.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები