„მეფე ერეკლე ინგლისურ და ირლანდიურ პრესაში“ – წიგნის წარდგენა და უცნობი, სენსაციური წყაროები

29 მარტს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში გაიმართება პრეზენტაცია წიგნისა – „მეფე ერეკლე ინგლისურ და ირლანდიურ პრესაში“.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლიდან აცნობეს, ფართო საზოგადოებისათვის საქართველოს შესახებ დღემდე უცნობი, სენსაციური ისტორიული წყაროები  ხდება ცნობილი.
„სწავლობდა თუ არა „პატარა კახი“ ლონდონის ვულვიჩის აკადემიაში, რა ვითარებაში მოუწია მას საქართველოს გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება და რატომ იღუპებოდნენ საეჭვო ვითარებაში თბილისიდან ევროპაში წარგზავნილი ელჩები. ამ კითხვებს, პასუხი ირლანდიიდან ჩამოტანილი უცნობი ისტროიული წყაროების საშუალებით გაეცა.
ისტორიული პროექტი 2014 წელს დაიწყო და მისი განხორციელება შესაძლებელი გახდა „ფონდ ქართუს“ ფინანსური თანადგომით, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით.
ორენოვანი ნაშრომი საზოგადოებისათვის დღემდე უცნობ, უნიკალურ ისტორიულ ცნობებს აერთიანებს და მეფე ერეკლეს წარმატებულ სამხედრო და პოლიტიკურ კარიერაზე, მის პრო-დასავლურ ორიენტაციასა და მსოფლიო პოლიტიკაში ქართველი მონარქის ღირსეულ ავტორიტეტზე გვიამბობს.
აღსანიშნავია, რომ ცნობები, ქართველი ხელმწიფის შესახებ ინგლისური გაზეთების პირველ ან ძირითადი სიახლეების გვერდებზე იბეჭდებოდა და ინგლისურ პრესას არცერთი ქართველი მონარქისადმი მსგავსი ინტერესი არ გამოუჩენია. მე-18 საუკუნეში ბრიტანული პრესის 29 ძირითადი გამოცემა (‘British Evening Post’, ‘Public Ledger’, ‘Public Advertiser’, ‘London Evening Post’, ‘Lloyd’s Evening Post’, ‘Middlesex Journal’ და სხვა.) აქტიურად წერდა მეფე ერეკლეს პირად მახასიათებლებლებზე, პოლიტიკურ მიღწევებსა თუ მარცხზე.
წიგნში ასევე შესულია ინგლისურ პრესაში დაბეჭდილი დოკუმენტები და ცნობები იმდროინდელი საქართველოს მდგომარეობის შესახებ… ევროპელების თვალით დანახული XVIII-XIX საუკუნის საქართველო, მისი გეოგრაფია, კულტურა და ტრადიციები, დღემდე არსებული ისტორიული ფაქტების ახლებურ და მეტად საინტერესო ჭრილში განხილვის საშუალებას იძლევა“, – აღნიშნულია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები