აჭარაში ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა
ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფლის მშენებარე ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ “კვირას“ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა. მისი თქმით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი გარდაცვლილი ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს, ხოლო მეორე გარდაცვლილის ამოყვანის სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში სულ ოთხი ადამიანი მოყვა. ორი მათგანი მძიმე დაზიანებებით სასწრაფო – სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია უკვე მეოთხე წელია შენდება. ეკლესიის გუმბათი მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც მშენებლობაზე დასაქმებულმა პირებმა ნაგებობას საყრდენი ბოძები გამოაცალეს. როგორც “კვირას“ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ფოტო – “ნეტგაზეთი”