ახალსოფელში ეკლესია ჩამოინგრა და ოთხი ადამიანი მოიყოლა

   ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ეკლესია ჩამოინგრა და ოთხი ადამიანი მოიყოლა. როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ „კვირას“ განუცხადა, ნანგრევებში მოყოლილი ოთხი მუშიდან ამ დროისთვის ორის გამოყვანა მოხერხდა. მისი თქმით, ისინი მძიმედ არიან დაშავებულები და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამუკა თურმანიძის თქმით, ნანგრევებში რჩება კიდევ 2 ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი უკვე ნაპოვნია და მაშველები ნანგრევებიდან მის ამოყვანას ცდილობენ. მეოთხე მუშის პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია უკვე მეოთხე წელია შენდება. ეკლესიის გუმბათი მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც მშენებლობაზე დასაქმებულმა პირებმა ნაგებობას საყრდენი ბოძები გამოაცალეს.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები